მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაკოტრების ნაცვლად 6 კომპანია რეაბილიტაციის რეჟიმში გადავიდა - როგორ მუშაობს "გადახდისუუნარობის" კანონი?

63a2db26d1a3d
ელენე გოგბერაშვილი
21.12.22 15:28
671
წელიწადნახევარზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ახალი პროცედურებით დაიწყო. 2021 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდა ახალი კანონი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“, რომელმაც ძველი კანონი ჩაანაცვლა.

ახალი ნორმატიული დოკუმენტი ორიენტირებულია რეაბილიტაციის გზით საწარმოს არსებობის შენარჩუნებაზე, რასაც აბსოლუტური უპირატესობა ენიჭება გაკოტრების რეჟიმთან შედარებით. კანონით განისაზღვრა და შემჭიდროვდა ის ვადებიც, რა ვადაშიც უნდა მოხდეს რეაბილიტაციის გეგმის და პროცედურების წარმოება.

ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის თავმჯდომარე ნანა ამისულაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე შეთანხმებულია 6 კომპანიის, 100 მილიონ ლარამდე ღირებულების რეაბილიტაციის გეგმები. მათ შორისაა „ჯორჯიან ეარვეისისა“ და „სახალხო აფთიაქის“ ქეისები.

„ძველი კანონით, კრედიტორთა მოთხოვნის 100%% უნდა დაეკმაყოფილებინა გეგმას, რომელიც ფიზიკურად შეუძლებელია, თუ კომპანია კრიზისშია. ახალი კანონის მოქნილობა შესაძლებლობას აძლევს მხარეებს მოილაპარაკონ და საუკეთესო შედეგზე შეთანხმდნენ.

ამ დროისთვის 6 რეაბილიტაციის გეგმაა დამტკიცებული. ბოლო გეგმა არის სახალხო აფთიაქის. დამტკიცებული გეგმების ჯამური ღირებულება კი 100 მლნ ლარამდეა. აქ მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა დროულად მიიღოს გადაწყვეტილება და პრობლემის ადრეულ ეტაპზე მიმართოს სასამართლოს. ეს ხელს უწყობს უფრო ადვილად გადარჩეს“,- აცხადებს bm.ge-სთან ნანა ამისულაშვილი.

პროცედურების დაჩქარებას ემსახურება რეაბილიტაციის ჩაკეტილი ვადაც, რისთვისაც ბიზნესს და მის კრედიტორებს 9 თვე აქვთ, რათა შეადგინონ და დაამტკიცონ რეაბილიტაციის გეგმა. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ბიზნესი ავტომატურად გადადის გაკოტრების რეჟიმში. ამგვარი ჩამკეტი მექანიზმის კანონში გაწერა იმიტომ გახდა საჭირო, რომ მოვალეები ხშირად იყენებდნენ ბოროტად დროს და პროცედურებს აჭიანურებდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები