მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაკოტრების რეჟიმში მყოფ "ჯორჯიან ეარვეისის" მფლობელებს საჰაერო სატვირთო გადაზიდვებში გააქტიურება სურთ

61decd68cd727
მარიამ ვარადაშვილი
12.01.22 19:15
1354
კომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" გაკოტრება/რეაბილიტაციის დაწყების პარალელურად, bm.ge-სთვის ცნობილი ხდება, რომ მისი დამფუძნებლები გააქტიურებას სატვირთო გადაზიდვებში შეეცდებიან.

საქმე ის არის, რომ კომპანია "საქართველოს ავიახაზები”, რომლის წილებსაც თამაზ და დავით გაიაშვილები ფლობენ, სატვირთო გადაზიდვების დაწყებას გეგმავს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, „საქართველოს ავიახაზებს“ სატვირთო გადაზიდვების ნებართვის მიღების მიზნით, განაცხადი უკვე შეტანილი აქვს. 

კერძოდ, BMG-ს სააგენტოში უთხრეს, რომ „საქართველოს ავიახაზებს“ (Georgian Airlines) განაცხადი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მიღებაზე აქვს შეტანილი. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს კომპანიამ 2021 წლის ოქტომბერში მიმართა.

"ამჟამად მიმდინარეობს სერტიფიცირების პირველი ეტაპი (დოკუმენტაციის განხილვის ეტაპი). სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის თანახმად, ხსენებული კომპანია გეგმავს სატვირთო გადაზიდვების განხორციელებას. კომპანიის დასახელება იქნება „საქართველოს ავიახაზები“ (Georgian Airlines). კანონმდებლობის თანახმად, სააგენტოს მიერ საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტის სერტიფიცირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 180 კალენდარულ დღეს”, - აცხადებენ სააგენტოში.

პროცედურულად ექსპლუატანტის სერტიფიცირების მიღების შემდეგ კომპანიამ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობაც უნდა მიიღოს, რათა სატვირთო გადაზიდვები დაიწყოს. მოწმობა საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ მგზავრების, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია.

საჯარო რეესტრის მიხედვით, „საქართველოს ავიახაზების” მეწილეები “ჯორჯიან ეარვეისის” დამფუძნებელი და დირექტორი თამაზ და დავით გაიაშვილები არიან. კომპანიის დირექტორი და 40%-იანი წილის მფლობელი ირაკლი მეზვრიშვილია.

მათ შორის წილები ასე ნაწილდება:

თამაზ გაიაშვილი - 40%
ირაკლი მეზვრიშვილი - 40%
დავით გაიაშვილი - 20%.

კომპანიის დირექტორი ირაკლი მეზვრიშვილი BMG-ს უდასტურებს, რომ ავიაკომპანია სატვირთო გადაზიდვების დაწყებას გეგმავს. ის "ჯორჯიან ეარვეის კარგოს” ხელმძღვანელობს, რომელმაც 2021 წელს სექტემბერში სახელი შეიცვალა და "საქართველოს ავიახაზები" დაერქვა.

"სატვირთო გადაზიდვებს ვგეგმავთ და ამ ეტაპზე სერტიფიცირების პროცესს გავდივართ. როგორც კი დავასრულებთ და შესაბამის ლიცენზიას მივიღებთ, რა თქმა უნდა, ვგეგმავთ, რომ ფრენებიც დავიწყოთ”, - ამბობს ის.

კითხვაზე - “ჯორჯიან ეარვეისის” გაკოტრების/რეაბილიტაციის რეჟიმის  ფონზე როგორ შეიძლება აიხსნას სატვირთო გადაზიდვებში "საქართველოს ავიახაზების" გააქტიურება, ირაკლი მეზვრიშვილი გვპასუხობს, რომ კომპანიას “ჯორჯიან ეარვეისთან” არანაირი კავშირი არ აქვს.

დამაზუსტებელ კითხვაზე - როგორ არ აქვს კავშირი, როცა „საქართველოს ავიახაზების“ 60%-ს თამაზ და დავით გაიაშვილები ფლობენ, ის ამბობს, რომ ისინი კომპანიის მართვაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

“მეწილეები კი არიან, თუმცა ამ კომპანიას “ჯორჯიან ეარვეისთან” არანაირი კავშირი არ აქვს. “საქართველოს ავიახაზები” დამოუკიდებელ კომპანიად ყალიბდება, რომელსაც მათთან არანაირი შეხება არ აქვს, გარდა დამფუძნებლობისა. მათ დაფუძნების ინვესტირება გააკეთეს და ამიტომ არიან მეწილეები. წილობრივი გადანაწილება ამ კომპანიაში იგივე დარჩება. რაც შეეხება მართვას, მონაწილეობას არც ახლა იღებენ და არც მომავალში მიიღებენ. მე ვარ გენერალური დირექტორი და კომპანიის მართვა ჩემი პასუხისმგებლობა იქნება”, - აცხადებს ირაკლი მეზვრიშვილი.

მისივე თქმით, სატვირთო გადაზიდვების დაწყებას კომპანია მიმდინარე წლის თებერვლიდან ვარაუდობს. BMG-მ გასული წლის ოქტომბერში 2021 წლის 9 თვის საჰაერო სატვირთო გადაზიდვების სტატისტიკა გამოითხოვა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანახმად, 2021 წლის 9 თვეში “ჯორჯიან ეარვეისი” 589.669 ტონა ტვირთს მოემსახურა და ჯამში 96 რეისი შეასრულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები