გენეტიკის კვლევის კომპანია 23andMe-ს, რომელმაც მიმდინარე წლის მარტში ბანკროტი გამოაცხადა, Regeneron Pharmaceuticals შეისყიდის - ბიოტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ახალი მედიკამენტების შესაქმნელად დნმ-ის კვლევას იყენებს.
ფარმაცევტული კომპანიის განცხადებით, Regeneron აუქციონში წარმატებული ბიდერი აღმოჩნდა და 23andMe-ს ყველა აქტივს $256 მილიონ დოლარად შეისყიდის, კომპანიის საქმიანობად კი დნმ-ის კვლევა დარჩება.
23andMe-მ, რომელიც ერთ დროს $6 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, გაკოტრება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც განმეორებადი შემოსავლის გენერირება გაუჭირდა. ამასთან, კომპანიის მიერ სენსიტიური გენეტიკური ინფორმაციის მიღების გამო არაერთი მხარე პოტენციურ რისკებზეც საუბრობდა.
თუ მარეგულირებელი გარიგებას დაადასტურებს, Regeneron-ის მიერ 23andMe-ს შესყიდვის პროცესი 2025 წლის მესამე კვარტალში დასრულდება. შეთანხმებისამებრ, Regeneron-ს 23andMe-ს მილიონობით მომხმარებლის გენეტიკური ინფორმაციის განკარგვის საშუალება ექნება. მათი განცხადებით, ფარმაცევტული კომპანია 23andMe-ს მომხმარებელთა კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მომხმარებელთა ინფორმაციის დაცვის კანონს აღასრულებს და მიღებულ ბაზას არამიზნობრივად არ გამოიყენებს.