მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt & Taggart ლარის მკვეთრ მერყეობას არ მოელის

615f0ef8dafb5
BM.GE
07.10.21 19:14
929
საინვესტიციო ბანკმა Galt & Taggart-მა განახლებული ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა სავარაუდოდ 9.5%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზთან - 8.6%-თან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია. ამასთან, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ წლის ბოლომდე ლარის გაცვლითი კურსის მკვეთრი მერყეობა მოსალოდნელი არაა.

“ლარის გაცვლითი კურსი 2021 წლის მაისიდან მოყოლებული სტაბილურობას ინარჩუნებს, რასაც ხელს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და მაკროეკონომიკური ფაქტორები (მაღალი ეკონომიკური ზრდა და შემცირებული მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი) უწყობენ. ასევე აგვისტოსა და სექტემბერში განხორციელდა ინტერვენციები, რათა ერთჯერადი ფაქტორები ყოფილიყო ელიმინირებული. უკანასკნელი ინტერვენცია $60 მილიონი დოლარის ოდენობით, სებ-მა 30 სექტემბერს განახორციელა და ის წინასაარჩევნო გაურკვევლობის შემცირებას ისახავდა. 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გაუფასურდა. ჩვენ ეტაპორბივ აღდგენას ვხედავთ, ტურიზმის ინდუსტრიაში, რაც ლარის სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამასთან, ვხედავთ გარკვეულ ზეწოლას კურსზე, რაც ენერგომატარებლების გაზრდილ იმპორტსა და ახალ წელთან დაკავშირებით იმპორტის ზრდას უკავშირდება. თუმცა, ჩვენ არ მოველით მკვეთრ მერყეობას და წლის ბოლომდე დოლარის კურსს 3.1-3.2 ლარის ფარგლებში ვპროგნოზირებთ. ამასთან, ჩვენი აზრით თუკი სებ-ი ბაზარზე გადაჭარბებულ ვოლატილობას დაინახავს, ის ინტერვენციებს მიმართავს. პოლიტიკურ არასტაბილურობასაც ერთ-ერთ რისკ-ფაქტორად განვიხილავთ, თუმცა ამ უკანასკნელსაც დროებითი ეფექტი ექნება. 2022 წლიდან კი ლარის კურსს დოლართან მიმართებით 3.0-3.15-ის ფარგლებში ვპროგნოზირებთ,”- ნათქვამია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.

Galt & Taggart-ის მსგავსად 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა მთავრობამაც, რომელიც წელს ქვეყანაში 9.5%-იან ეკონომიკურ ზრდას მოელის.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები