მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გალტ & თაგარტი - ხელფასების მაღალი ზრდის ტემპი მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგია

ხელფასები
20.12.23 14:55
1726

საქართველოში ხელფასების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა პანდემიის შემდეგ. უახლესი მონაცემებით, 2023 წლის მე-3 კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი წლიურად 16.3%-ით გაიზარდა და 1,855 ლარი შეადგინა.

საქართველოში ხელფასების მაღალი ზრდის ტემპი ძირითადად მაღალ ეკონომიკურ ზრდას უკავშირდება, რაც ნიშნავს, რომ გაზრდილი შემოსავლები კომპანიებმა ხელფასების ზრდაზეც მიმართეს.

აღსანიშნავია, რომ თუ ხელფასის ზრდის ტემპი ფასების ზრდის ტემპს აღემატება, მაშინ ეს დასაქმებულთა მსყიდველუნარიანობას ამაღლებს, ხოლო თუ ფასები შემოსავლებზე სწრაფად იზრდება, ეს პირიქით, მათ მდგომარეობას აუარესებს.

პანდემიამდე, 2015-19 წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 4.1%-ით იზრდებოდა, ხოლო რეალური ხელფასის (ინფლაციით შესწორებული) საშუალო ზრდის ტემპი 2.7%-ს შეადგენდა. პანდემიის შემდგომ, 2021 წელს, ეკონომიკა მნიშვნელოვნად გამოცოცხლდა (ეკონომიკური ზრდა 10.5% იყო), ხელფასებიც სწრაფად გაიზარდა, თუმცა ამავდროულად მაღალი ინფლაციის გამო რეალური ხელფასის ზრდა ნულთან ახლოს იყო, ანუ დაქირავებულთა მსყიდველუნარიანობა არ გაუმჯობესებულა. 2022 წელს ინფლაცია კვლავ მაღალ დონეზე შენარჩუნდა, თუმცა რეალური ხელფასი წლიურად 5.7%-ით გაიზარდა და დაქირავებულთა მსყიდველუნარიანობაც გაუმჯობესდა. ეს გაუმჯობესება კიდევ უფრო მკვეთრია 2023 წელს, რადგან ინფლაცია სწრაფად შემცირდა, ხელფასების ორნიშნა ზრდა გაგრძელდა და შედეგად, რეალური ხელფასი წლიურად, საშუალოდ 13.7%-ით გაიზარდა.

რომ შევაჯამოთ, ბოლო პერიოდის მაღალი ეკონომიკური ზრდიდან სარგებელი დაქირავებით დასაქმებულებმაც მიიღეს, რადგან ბოლო წლებში პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ეკონომიკური ზრდის და რეალური ხელფასის ზრდის ტემპები ერთნაირად დაჩქარდა. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, თუ რამდენად აუცილებელია მაღალი ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის ცხოვრების დონის შემდგომი გაუმჯობესებისთვის.

სექტორულ ჭრილში, 2023 წლის მე-3 კვარტალში, საქართველოში ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი შემდეგ დარგებში ფიქსირდება: ინფორმაცია და კომუნიკაცია (3,958 ₾), მშენებლობა (3,033 ₾), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა (2,807 ₾), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (2,616 ₾) და სახელმწიფო მმართველობა (2,099 ₾). ამასთან, ყველაზე დაბალი ხელფასები განათლების (1,039 ₾), სოფლის მეურნეობის (1,150 ₾) და სასტუმროებისა და რესტორნების (1,413 ₾) დარგებშია.

ჩვენი პროგნოზით, 2024 წელს ხელფასები საშუალოდ წლიურად 10%-ის ფარგლებში გაიზრდება და წლის ბოლოს, საშუალო თვიური ხელფასი, 2,000 ლარს გადააჭარბებს. ამასთან, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები 2024 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის თანახმად წლიურად 10%-ით იზრდება. ჩვენი მოლოდინით, ხელფასების ანალოგიური ზრდის ტემპი იქნება კერძო სექტორშიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები