IG International-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბიზნესმენი მინდია საბანაძე თვლის, რომ ქვეყანაში რეალურად გვაქვს ეკონომიკური ზრდა, თუმცა აქვე დასძენს, რომ ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო ინკლუზიური უნდა იყოს, რათა ყველამ იგრძნოს ქვეყანაში მდგომარეობის გაუმჯობესება. ასე პასუხობს ის გადაცემა #რედატქ2-ში დასმულ კითხვას, რომელიც საქართველოში ბოლო წლებში მშპ-ის მაღალი ზრდის საზოგადოებასა და ბიზნესზე გავლენას ეხება.
„ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში ერთმნიშვნელოვნად არის - ახალი საწარმოები... უამრავი რაღაც კეთდება. მშპ-ზე რომ ვსაუბრობთ, რომ ერთ სულ მოსახლეზე 6 900 დოლარამდე გაიზარდა, როგორ გადანაწილდა ზრდა ეს არის მნიშვნელოვანი. მთავარია სწორად გადანაწილდეს, რომ ყველა ადამიანამდე მივიდეს.
ჩვენი კომპანიის მაგალითზე რომ ვისაუბროთ, დღეს სახელფასო ანაზღაურება, ჩვენთან ძალიან არის გაზრდილი. ადრე თუ რიგი იდგა და სამსახურს ეძებდნენ, დღეს კადრებს ჩვენ ვეძებთ. ისინი გკარნახობენ პირობებს, ფასს... ხელფასიც ისეთი მაღალია, რომ ბევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში არსებულ ხელფასს გაუტოლდა.
მე არ მესმის რატომ უნდა გაედინებოდეს ქვეყნიდან კადრები, რადგან დღეს პროფესიონალი კადრი ისე ჭირს, რომ ბიზნესი ალბათ იმაზე მეტს გადაიხდის, ვიდრე საზღვარგარეთ. ჩვენი ჰოლდინგის ჭრილში რომ შევხედოთ, ხელფასები 2-3 წლის პერიოდში მინიმუმ 60%-ით გაიზარდა“, - აცხადებს მინდია საბანაძე.