გალტ & თაგარტმა უზბეკეთის ეკონომიკის შესახებ სიღრმისეული კვლევა გამოაქვეყნა — „Uzbekistan Economy – Still Unlocking Its Potential". მიუხედავად ქვეყნის მზარდი როლისა რეგიონში, მისი ეკონომიკის დამოუკიდებელი, სიღრმისეული ანალიზი დღემდე მწირია — სწორედ ამ ხარვეზს ავსებს გალტ & თაგარტის აღნიშნული ნაშრომი. ამგვარი კვლევებით კომპანია თანმიმდევრულად იკავებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში წამყვანი საინვესტიციო ბანკისა და ინსტიტუციური და კერძო ინვესტორების საიმედო პარტნიორის პოზიციებს.
კვლევა უზბეკეთის ეკონომიკის სწრაფ ტრანსფორმაციას, მიმდინარე რეფორმებს, ზრდის ახალ მამოძრავებელ ფაქტორებს, სექტორულ დინამიკას, ექსპორტის სტრუქტურას, კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და საინვესტიციო პერსპექტივებს ეხება. იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ანალიტიკურ რესურსს როგორც ქვეყანაში მოქმედი და პოტენციური ინვესტორებისთვის, ისე აქტივების მმართველი (Asset Management) კომპანიებისთვის, ფინანსური ინსტიტუტებისა და კაპიტალის ბაზრის სხვა მონაწილეებისთვის, რომლებიც უზბეკეთში საინვესტიციო შესაძლებლობებს აფასებენ და გადაწყვეტილებებს მონაცემებზე დაყრდნობით იღებენ.
კვლევის მიხედვით, 2017 წლის სავალუტო კურსის ლიბერალიზაციისა და ეკონომიკური რეფორმების დაწყების შემდეგ, უზბეკეთის ეკონომიკა საშუალოდ 6.6%-ით იზრდებოდა ყოველწლიურად, ხოლო 2025 წელს ზრდამ 7.7%-ს მიაღწია. გალტ & თაგარტის პროგნოზით, 2026 წელს მაღალი ზრდის ტემპი შენარჩუნდება და ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდება. ამასთან, 2017 წლის შემდეგ რეალური ხელფასები 82%-ით გაიზარდა, ხოლო სიღარიბის დონე დღიური 3 დოლარის ზღვარზე 2.3%-მდე შემცირდა. სამრეწველო წარმოების წილი ეკონომიკაში გაორმაგდა - 2010 წლის 10.4%-დან 2025 წელს 20.8%-მდე - და ქვეყნის უმსხვილეს სექტორად იქცა. მთავრობის ვალი 2025 წლის ბოლოს მშპ-ის მხოლოდ 31.9%-ს შეადგენდა, რაც მნიშვნელოვნად დაბალია 60%-იან საკანონმდებლო ზღვართან შედარებით. ეს მაჩვენებლები უზბეკეთს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ საინვესტიციო ბაზრად აქცევს.
“უზბეკეთი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი ეკონომიკაა, თუმცა მისი სიღრმისეული ანალიზი დღემდე მწირია. ჩვენი კვლევა სწორედ ამ ხარვეზს ავსებს და ჩვენს ინსტიტუციურ და კერძო ინვესტორებს მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალურ ინფორმაციას აწვდის — ეს კი ამყარებს ჩვენს, როგორც კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში წამყვანი საინვესტიციო ბანკის, პოზიციებს“, — აცხადებს გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი, გიორგი კუპრაშვილი.
„ჩვენი მიზანია, გალტ & თაგარტის კვლევითი მიმართულების ექსპერტიზა საქართველოს ბაზრის ფარგლებს გასცდეს და ინვესტორებსა და ბიზნესებს მაღალი ხარისხის, სიღრმისეული ანალიტიკა შევთავაზოთ. მომავალში კვლევით დაფარვას რეგიონის სხვა ქვეყნებზეც გავაფართოებთ“, — აცხადებს გალტ & თაგარტის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, ევა ბოჭორიშვილი.
აღსანიშნავია, რომ გალტ & თაგარტის კვლევითი და საინვესტიციო მიმართულება საერთაშორისო გამოცემების მიერაა აღიარებული - 2026 წელს Euromoney-მ კომპანია საქართველოში კვლევების მიმართულებით საუკეთესოდ დაასახელა, ხოლო Global Finance-მა გალტ & თაგარტს საქართველოში წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკის ჯილდო მიანიჭა.




























