Galt & Taggart-მა აჭარის ეკონომიკისა და სექტორული ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა. ღონისძიებას უძრავი ქონებისა და სტუმარმასპინძლობის სექტორებში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონფერენციაზე წარდგენილი კვლევა საქართველოსა და აჭარის მაკროეკონომიკურ გარემოს, ასევე რეგიონის წამყვანი სექტორების, სტუმარმასპინძლობისა და უძრავი ქონების, მიმდინარე ტენდენციებსა და განვითარების პერსპექტივებს აფასებს. კვლევის შედეგები ბიზნესს ბაზრის უკეთ გააზრებასა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.
კვლევის მიხედვით, ბათუმის საბინაო ბაზარი ზრდას აგრძელებს. 2025 წელს ქალაქში რეკორდული რაოდენობის ბინა გაიყიდა, 2026–30 წლებში კი მიწოდება დაჩქარდება. ბაზარი ძირითადად საინვესტიციოა, ამიტომ მისი განვითარება ინვესტორის უკუგებაზეა დამოკიდებული. ბოლო წლებში ბინების ფასები ქირაზე სწრაფად გაიზარდა, რამაც საიჯარო შემოსავლიანობა შეამცირა, თუმცა ის კვლავ მიმზიდველ დონეზე რჩება. მისი შენარჩუნება ტურისტული მოთხოვნის ზრდაზეა დამოკიდებული: საჭიროა მეტი ტურისტი, უფრო ხანგრძლივი ვიზიტები და დატვირთული არასეზონი. კვლევაში სამომავლო მიწოდება სეგმენტების მიხედვით (ბიუჯეტური, საშუალო, პრემიუმი) არის გაანალიზებული და თითოეული სეგმენტისთვის გაყიდვების პერსპექტივები არის შეფასებული.
კონფერენციაზე ბათუმის სავაჭრო მოლების ანალიზიც წარადგინეს. ეფექტიანობით ისინი თბილისის მოლებს უახლოვდებიან, ქირა კი უფრო დაბალია. ახალი შესაძლებლობები გამორჩეულ ლოკაციებსა და პრემიუმ ბრენდებშია.
ტურიზმის განვითარების მიმართულებით კვლევა სამ საკითხზეა ფოკუსირებული: არასეზონური მოთხოვნის განვითარებაზე, ტურისტული ბაზრებისა და ავიაკავშირების დივერსიფიკაციასა და ქალაქის ინფრასტრუქტურის დაგეგმილ განვითარებაზე, რაც მზარდი მიწოდების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„აჭარა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია, სადაც ტურიზმი და უძრავი ქონება აქტიურად ვითარდება. ამ ბაზრების რეგულარული ანალიზი საშუალებას გვაძლევს, გამოვავლინოთ მთავარი ტენდენციები და ბიზნესს რეგიონის ეკონომიკური პროცესების ფართო სურათი გავუზიაროთ, რაც მათ სამომავლო გეგმების დასახვაში დაეხმარება“, – განაცხადა Galt & Taggart-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კუპრაშვილმა.
























