Galt & Taggart-მა ტურიზმის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 100 მლნ დოლარით შეამცირა. თუ ირანის ომამდე საინვეტიციო ბანკი 2026 წელს ტურიზმის შემოსავლების 5 მლრდ დოლარს პროგნოზირებდა, განახლებული შეფასებით, საერთაშორისო მოგზაურებისგან წელს ქვეყანა 4.9 მლრდ დოლარს მიიღებს.
"ჩვენი შეფასებით, 2026 წლის თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 26%-ით გაიზარდა და 315 მლნ დოლარი შეადგინა. ეს ზრდა ნაწილობრივ გასული წლის დაბალი საბაზო ეფექტითაა განპირობებული. ჯამურად, 2026 წლის პირველ ორ თვეში ტურისტულმა შემოსავლებმა 640 მლნ დოლარს მიაღწია.
იმ დაშვებით, რომ ირანის ირგვლივ არსებული ესკალაცია ხანმოკლე აღმოჩნდება, 2026 წლის მთლიანი ტურისტული შემოსავლების პროგნოზი 4.9 მლრდ დოლარამდე შევამცირეთ (წინა პროგნოზი 5.0 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა)", - წერს საინვესტიციო ბანკში.
2025 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 4.69 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, 6%-ით მეტი, ვიდრე 2024 წელს. შარშანაც საქართველომ ყველაზე მეტი შემოსავალი რუსეთიდან მიიღო 694 მლნ დოლარი, 2024 წელთან შედარებით კლება 18%-ია. მეორე ადგილზეა თურქეთი 606 მლნ დოლარით, წლიურ ჭრილში კლება 1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის ისრაელი 586.3 მლნ დოლარით, 2024 წელთან შედარებით ზრდა 34%-ია, მეოთხე ადგილზეა აზერბაიჯანი 223 მლნ დოლარით, წლიური ზრდა შემოსავლებში 33%-ს შეადგენს. მეხუთე ადგილს სომხეთი იკავებს, საიდანაც შარშან საქართველომ 169.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, წლიური ზრდა 8%-ს შეადგენს.




























