მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&Taggart-ის ანალიტიკოსი: ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ჰაბად ვრჩებით

605b12c542a70
ლიკა გურაბანიძე
24.03.21 20:00
1239
"ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ჰაბად ვრჩებით", - ამის შესახებ “საქმიან დილაში” Galt&Taggart-ის ანალიტიკოსმა თათია მამრიკიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.

“2005 წლიდან დღემდე საბაჟო პროცედურები გამარტივდა, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ავტომობილების რეექსპორტის კუთხით, ასევე რუსთავის ავტობაზრობა რეგიონში ერთ-ერთი მსხვილი ბაზარია, სადაც ადგილობრივების გარდა მეზობელი ქვეყნებიდანაც ძალიან ბევრი ავტომობილის შესყიდვა ხდება. გარდა ამ ფაქტორებისა, ჩვენთან სქემა ჩამოყალიბდა, რომლის თანახმადაც, წლების განმავლობაში, ჩვენ ამერიკიდან ავტომობილები ჩამოგვყავს მისი შეკეთება და გაყიდვა ხდება. რეგიონის ქვეყნებში უამრავი ავტომობილი გაგვყავს და სწორედ ამიტომ 2005 წლიდან წამყვან პოზიციას ვინარჩუნებთ", - განაცხადა მამრიკიშვილმა.

Galt&Taggart-ის ანალიტიკოსმა რეექსპორტზე პანდემიის გავლენაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასულ წელს სექტორს ორმაგი დარტყმა მიადგა. მისივე განმარტებით, საექსპორტო ბაზრებზე ავტომობილების რეექსპორტში იანვარ-თებერვალში კლებაა, თუმცა 2020 წლის ბოლომდე გამოცოცხლება მოსალოდნელია.

“რეექსპორტი ეკონომიკისთვის დამატებითი შემოსავალია, თუმცა პანდემიამ 2020 წელს სექტორს ორმაგი დარტყმა მიაყენა, რაც ძირითადად საბაჟო გადასახადების ზრდის შედეგად სომხეთიდან და ყირგიზეთიდან მოთხოვნის შემცირებით იყო გამოწვეული. ასევე გასულ წელს ავტომობილების ბაზრობები დახურული იყო და საბოლოო ჯამში რეექსპორტის 45%-იანი კლება გვაქვს, თუმცა აზერბაიჯანში და უკრაინაში რეექსპორტი ონლაინ გაყიდვებით შევინარჩუნეთ", - განმარტა მამრიკიშვილმა.

Galt&Taggart-ის ანალიტიკოსის თქმითვე, ავტოპარკში ძალიან ბევრი მანქანაა რეგისტრირებული, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდისაა და რეალურად გზებზე არ გადაადგილდება, ხოლო ტექდათვალიერება ავტომობილების პარკის გაახალგაზრდავებას ხელს შეუწყობს.

ცნობისთვის: 2020 წელს ავტომობილების რეექსპორტი 404 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები