შარშან ტურიზმის შემოსავლები გაიზარდა. საქართველო ტრადიციულად ყველაზე მეტ ვიზიტორს და შემოსავალს მეზობელი ქვეყნებიდან იღებს. ეს მოცემულობა არც წელს შეცვლილა.
ამ სტატიაში ვარკვევთ:
- რამდენს ხარჯავენ საქართველოში ჩამოსული ტურისტები;
- რომელი ქვეყნებიდან ვიღებთ ყველაზე მეტ შემოსავალს;
- რა წილი აქვს ეკონომიკაში უცხოელ ვიზიტორებს;
დავიწყოთ იმით, რომ 2025 წელს ტურიზმიდან შემოსავლები 4.7 მილიარდ მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. საქართველოს ეკონომიკისთვის ტურიზმის სექტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან როგორც წესი ის აჭარბებს როგორც ფულად გზავნილებს, ასევე ინვესტიციებს და ადგილობრივ ექსპორტსაც.
გასულ წლებში ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 7%-ს აღემატება, თუმცა რეალური არაპირდაპირი სარგებელი ქვეყანაში ჩამოსული უცხოელი ვიზიტორების გაცილებით დიდია. Galt&Taggart-ის შეფასებით, 2025 წელს ტურიზმის კონტრიბუცია ეკონომიკაში 14% იყო.
წლევანდელი სტატისტიკაც აჩვენებს, რომ საქართველოს ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან სტუმრობენ. 11%-იანი ზრდით ისევ რუსეთი ლიდერობს, საიდანაც შარშან 1 579 764 ვიზიტი შედგა. მეორე ადგილზეა თურქეთი 1 248 881 ვიზიტი, წლიურ ჭრილში კლება 7%-ია. მესამეა სომხეთი 948 242 ვიზიტით. მნიშვნელოვანი 29%-იანი ზრდაა ისრაელიდან და ვიზიტების რაოდენობა ჯამში 402 426-ს შეადგენს, მეხუთე ადგილს 292 149 ვიზიტით აზერბაიჯანი იკავეს, საიდანაც ჩაკეტილი სახმელთო საზღვრს მიუხედავად, ზრდა 33%-ია.
სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი გვეუბნება, რომ შემოსავლები ტურისტების რაოდენობამ გაზარდა და არა ვიზიტებზე გაწეულმა ხარჯებმა, სადაც საქსტატის მონაცემებით, პირიქით კლებაა.
"პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ 2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ჯამურად ნამდვილად გაზრდილია — ეს არის ერთი მნიშვნელოვანი თემა. მეორე საკითხი ეხება ტურისტების მხარჯველუნარიანობას. ამ კუთხით, ჩვენთვის, როგორც სასტუმროებისთვის, საინტერესო სურათი იკვეთება: მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთიდან ქვეყანაში სტუმრების რაოდენობა ძალიან მცირეა, ყველაზე მეტ თანხას სწორედ ბრიტანელი ტურისტები ტოვებენ და ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე არიან. შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანეთიდან ჩამოსული სტუმრები რაოდენობრივად თითზე ჩამოსათვლელნი არიან და ჯამურ წილშიც მცირე ადგილი უჭირავთ, თუმცა შემოსავლების მიხედვით ჩვენთვის პირველ ადგილზე ბრიტანეთი დგას. შემდეგ მოდის გერმანია და ამის შემდეგ უკვე სხვა ქვეყნები. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი კი ის არის, რომ შემოსავლების ზრდა მნიშვნელოვნად განაპირობა ტურისტების რაოდენობის ზრდამ", - ამბობს ის.
და მაინც რამდენს ხარჯავენ საქართველოში ჩამოსული ტურისტები?. 18%-იანი კლების მიუხედავად, შარშან ყველაზე მეტი 694 მლნ დოლარი ისევ რუსებმა დახარჯეს. მცირედი კლებაა თურქეთიდან და ხარჯები 606 მლნ დოლარს შეადგენს, 34%-იანი ზრდაა ისრაელელი ვიზიტორების ხარჯებში და 586 მლნ დოლარია, 33%-იანი ზრდა ფიქსირდება აზერბაიჯანთან და 223 მლნ დოლარს შეადგენს. სომხეთიდან დანახარჯები კი 8%-ით გაიზარდა და 169 მლნ დოლარს შეადგენს.
"ზრდის ძირითადი კონტრიბუტორები 2025 წელს იყვნენ ისრაელი, ევროკავშირისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. თუ ტურისტების მხარჯველუნარიანობას შევხედავთ, როგორც ოფიციალური სტატისტიკის, ისე საქართველოს ბანკის არხებით უცხოური ბარათებით განხორციელებული ხარჯების მიხედვით, ჩვენი შეფასებით, ყველაზე მაღალმხარჯველ სეგმენტად შეიძლება ჩაითვალოს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, ისრაელი და არაბული სამყარო, ასევე, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც ხარჯვის გარდა მრავალი მიმართულებით ავითარებენ თავად სექტორსაც. რაც შეეხება პოსტსაბჭოთა სივრცეს, თუ გავაერთიანებთ რუსეთს, უკრაინას, ბელარუსს და ყაზახეთს, ჩვენი დაკვირვებით, ეს შედარებით დაბალმხარჯველი სეგმენტია. რა თქმა უნდა, აქაც ფიქსირდება მაღალმხარჯველი ტურისტების ნაკადები, თუმცა ძირითადად ასეთი სეგმენტი უფრო თბილისის მიმართულებით კონცენტრირდება. აჭარაში კი ძირითადად ვხედავთ უფრო ბიუჯეტურ სეგმენტს პოსტსაბჭოთა სივრციდან, რომელიც მოთხოვნას უმეტესად აპარტამენტებზე ქმნის", - ამბობს Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსი თათია მამრიკიშვილი.
კითხვაზე რა წილი აქვს შემოსავლების ზრდაში ინფლაციას, საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელები გვეუბნება, რომ ბოლო წლებში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდა, ინფლაციურ ფონთან ერთად, ძირითადად ვიზიტორთა საერთო რაოდენობაში უშუალოდ ტურისტების ზრდამ განაპირობა.
როგორც სტატისტიკა აჩვენებს რუსეთიდან ვიზიტორების ზრდის მიუხედავად, შემოსავლები შემცირებულია. ამის მიზეზი არის ის, რომ ვიზიტზე საშუალო ხარჯი შემცირდა. ასე მაგალითად თუ 2024 წელს რუსი ვიზიტორები საქართველოში საშუალოდ 600 დოლარს ხარჯავდნენ, შარშან ხარჯები 440 დოლარამდეა შემცირებული.
რაც შეეხება ევროკავშირს, საიდანაც როგორც წესი, ტურისტები უფრო მეტს ხარჯავენ, შემოსავლები კი იზრდება, თუმცა მისი წილი დაბალია. ასე მაგალითად შარშან ევროკავშირიდან შემოსული ტურისტების დანახარჯები წლიურად 16%-ით 660 მლნ დოლარამდე გაიზარდა. რაც ნიშნავს, რომ ვიზიტზე საშუალო ხარჯი დაახლოებით 1321 დოლარია..
"დღესდღეობით ტურიზმის სექტორში შეინიშნება გარკვეული ცვლილებები, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ეს ცვლილებები ქვეყნისთვის სასარგებლოა. კერძოდ, ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ იზრდება. შედეგად, ტოპ 10 ვიზიტორ ქვეყანას შორის, ევროკავშირის ქვეყნები ფაქტობრივად გაქრა და მათი ადგილი აზიის ქვეყნებმა დაიკავა. თავისთავად, ეს ცვლილება აისახება ვიზიტორების საშუალო დანახარჯებზეც, რადგან როგორც მოგეხსენებათ, ევროპელი ვიზიტორები საშუალოდ უფრო მეტ თანხას ხარჯავენ", - ამბობს კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის პროფესორი გიორგი ბრეგაძე.
წელს ტურიზმის განვითარებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 60 მლნ ლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს, რაც მოიცავს ასევე მარკეტინგულ ხარჯებსაც იმ ბაზრებზე, რომლებსაც მთავრობა პრიორიტეტულად მიიჩნევს.




























