მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამართული სასამართლო სისტემა ჩვენს ქვეყანას ინვესტიციებისთვის მიმზიდველს გახდის - გიგი გიგიაძე

6431282884747
სალომე ხიდურელი
08.04.23 14:27
561
„ეს არის პროცესის დასაწყისი, დარწმუნებული ვარ, ამას მოჰყვება გაგრძელებაც“ - აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების გამომწვევ მიზეზებსა და შესაძლო შედეგებზე BMGTV-ს გადაცემა „ანალიტიკაში“ EPRC-ის უფროსი მკვლევარი გიგი გიგიაძე საუბრობს.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ეს გადაწყვეტილება საქართველოს სასამართლო სისტემებში სერიოზული ცვლილებების დაწყებისკენ უხსნის გზას.

„ის რეალობა, რომელსაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით, ნიშნავს, რომ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით, თუ რა სირთულეებია დღეს საქართველოში. ესმით, რომ საქართველოში ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელია გამართული სასამართლო სისტემა და კლანური მართვის რაც შეიძლება მალე დასრულება.

დარწმუნებული ვარ, ამას მოჰყვება გაგრძელებაც და ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას და ამ შეზღუდვებს ევროპაზეც გაავრცელებენ, რაც საქართველოსთვის იქნება ძალიან გამაჯანსაღებელი პროცესი. ეს გახსნის გზას საქართველოს სასამართლო სისტემებში სერიოზული ცვლილებებისკენ, რომ ევროპასთან მაქსიმალურად სინქრონიზაციაში მოვიდეს“, - ამბობს გიგი გიგიაძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული ოლიგარქიული მმართველობა შეუთავსებელია დემოკრატიასა და ევროპულ ღირებულებებთან, რაც დასავლელი პარტნიორებისგან რეაგირებას იწვევს.

„აშშ-ის გადაწყვეტილება უკავშირდება კორუფციას ქვეყანაში და სწორედ ამიტომ შეიყვანეს 4 მოსამართლე სანქცირებულთა სიაში. გასააზრებელია, რომ დასავლეთში ძალიან კარგად ესმით, რომ ოლიგარქიული მმართველობა შეუთავსებელია დემოკრატიასთან, სამართლებრივ სახელმწიფოსთან, ადამიანის უფლებების დაცვასთან. შეუძლებელია ეს ორი განზომილება ერთად - ოლიგარქია და დემოკრატია - ერთად არსებობდეს, ამიტომ, რასაკვირველია, ეს ახდენს გავლენას საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველო ახლა მნიშვნელოვან ფაზაში იმყოფება - ქვეყანამ საკუთარ თავზე აიღო 12 რეკომენდაციის შესრულების ვალდებულება, რათა ჩვენ მიმდინარე წლის ბოლომდე ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი ავიღოთ. იმისათვის, რომ საქართველო დაუახლოვდეს ცივილიზებულ სამყაროს, ევროპაშიც და ამერიკაშიც პრიორიტეტად სწორედ ამ 12 რეკომენდაციის შესრულებას ასახელებენ. ამიტომ მოსამართლეების სანქცირება შემთხვევითი არ არის, ეს არის ძალიან მკაფიო მინიშნება იმაზე, რომ თუ დაუყოვნებლივ არ მოხდება ამ პროცესის ნორმალურ დინებაში გადაყვანა, ამას შესაბამისი გაგრძელებაც მოჰყვება“, - ამბობს გიგი გიგიაძე.

EPRC-ის უფროსი მკვლევარი „ანალიტიკაში“ იმასაც განმარტავს, თუ რა გავლენას ახდენს გამართული სასამართლო სისტემა ქვეყნის ეკონომიკაზე.

„12 რეკომენდაციაში ერთ-ერთი მთავარი სასამართლო რეფორმაა. დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის გარეშე ყველა დანარჩენ ფაქტორს აზრი ეკარგება და ამას ყველაზე კარგად ხედავენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები.

გამართული სასამართლო სისტემა უკეთეს საინვესტიციო გარემოს განაპირობებს, უფრო მიმზიდველს ხდის ჩვენს ქვეყანას უცხოური ინვესტიციებისთვის, მათ შორის ამერიკული ინვესტიციებისთვის და თავისთავად ცხადია ამის არსებობის გარეშე საქართველოში ძალიან გართულდება ინვესტიციების მოზიდვა და ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება“, - ამბობს გიგიაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები