მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსეთთან ერთად, დასავლეთის წინააღმდეგ“ – გიგი გიგიაძე რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ

6467bc11ee192
ელენე კვანჭილაშვილი
19.05.23 22:13
837
EPRC-ის უფროსი მკვლევარი გიგი გიგიაძე ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკა“–სთან ამბობს, რომ რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენით საქართველოს მთავრობამ რუსეთ–უკრაინის ომში რუსეთის მხარე დაიჭირა და ეს იმის მიუხედავად, რუსული თვითმფრინავები, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში დაეშვებიან, იქნებიან თუ არა სანქცირებული.

„ახლა, დროის ამ მონაკვეთში, როდესაც მთელი ევროპა დისტანცირდება და მაქსიმალურად ზღუდავს კი არა, კრძალავს რუსული ავიაკომპანიების დაშვებას ევროკავშირის და ევროპის ტერიტორიაზე – ამ პერიოდში ნებისმიერ რუსულ კომპანიასთან პირდაპირი საჰაერო კავშირის აღდგენა უკვე პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენს დამოკიდებულებას არსებული რეალობის მიმართ და პირდაპირ განსაზღვრავს საქართველოს პოზიციონირებას რუსეთთან ერთად და დასავლეთის წინააღმდეგ“ – ამბობს გიგი გიგიაძე.

ყოფილი დიპლომატის თქმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები არ მოდის თანხვედრაში არც იმ პოლიტიკასთან, რომელსაც ევროპა ატარებს რუსეთთან მიმართებით და არც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან – უკრაინასთან მიმართებით. „პირიქით. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს ამის საწინააღმდეგოს“ – ამბობს გიგი გიგიაძე.
ყოფილი დიპლომატი დღეს ვერ ხვდება რამ უნდა განაპირობოს ევროკავშირში გადაწყვეტილების მიმღებთა დადებითი განწყობა საქართველოს მიმართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.

„ანალიტიკა“–ს ავტორისა და წამყვანის ელენე კვანჭილაშვილის რეპლიკაზე – მოსახლეობის 80%–ზე მეტის მზაობაც ალბათ საკმარისი არ იქნება ამისთვის – EPRC-ის უფროსი ანალიტიკოსი იმედოვნებს, რომ იქნებ – მიუხედავად საქართველოს მთავრობის პოზიციისა, მაინც მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება.

„ვინაიდან დიდ სურათში რომ დავინახოთ ეს უკვე ნიშნავს საქართველოს დათმობას რუსეთისთვის. ეს ნიშნავს, რომ ამ 89% –ის ნება არის უგულებელყოფილი და ამას ეგუება ევროპა. ეს ევროპამ არ უნდა დაუშვას. ევროკავშირმა არ უნდა დაუშვას და იმ შემთხვევაში თუ დადებით გადაწყვეტილებაზე შეჯერდება ევროკავშირი, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ სტატუსს იღებს ქართველი ხალხი, ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება – იმ ადამიანების, რომლებმაც დაიცვეს ეს უფლება შარშან ივნისში კანდიდატობის არმიღების დროს, წელს მარტში, როდესაც ხდებოდა რუსული კანონმდებლობის მიღება და ეს ბრძოლა მათი მხრიდან ევროპის გზაზე გრძელდება“ – ამბობს გიგი გიგიაძე.

„ანალიტიკა“–ს ავტორისა და წამყვანის ელენე კვანჭილაშვილის რეპლიკას, რომ გულუბრყვილოები არ ვართ და ვიცით, რომ ეს იქნება ძალიან რთული გადაწყვეტილება ევროკავშირისთვის – EPRC-ის უფროსი მკვლევარი გიგი გიგიაძე ეთანხმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები