მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამჭვირვალე ანგარიშგება მნიშვნელოვანია მომხმარებელთან და ინვესტორებთან ნდობის გასამყარებლად - მსოფლიო ბანკი BARTA-ზე

barta
11.12.23 20:00
856

BARTA - საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო - ცდილობს მხარი დაუჭიროს კომპანიებს, რომ მოამზადონ მაღალი ხარისხის წლიური ანგარიშები და ამით გააუმჯობესონ ფინანსური ინფორმაციის ხარისხი, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის პროგრამების მენეჯერმა აღმოსავლეთ ევროპასა და შუა აზიაში, ედრიან ფოზარდიმ “ანალიტიკასთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ის კონკურსის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველო უკვე დგას იმ გზაზე, რომ შედგეს კონკურენტულ, ციფრულ, ბიზნეს–მეგობრულ და მწვანე ეკონომიკად.

“ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ორნიშნა – 10%–იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, რაც თქვენს მეზობელ ქვეყნებზე მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებელია. მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყო ხელი. ამ ტენდენციის შენარჩუნება კი კერძო ინვესტორებისა და მათი ინვესტიციების გარეშე, შეუძლებელი ამოცანაა. ფინანსური ანგარიშგება ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია: ინვესტორები იღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რაში აბანდებენ ფულს; როგორია კომპანიის მაჩვენებლები, მისი ღირებულებები, მმართველობის ხარისხი; რამდენად მდგრადია მისი ფინანსები; როგორია კომპანიის რისკები – ფინანსური ანგარიშგება თავს უყრის ყველა იმ ინფორმაციას, რასაც საბოლოო გავლენა აქვს ინვესტირების გადაწყვეტილებაზე. ამდენად, BARTA - საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო - ცდილობს მხარი დაუჭიროს კომპანიებს, რომ მოამზადონ მაღალი ხარისხის წლიური ანგარიშები და ამით გააუმჯობესონ ფინანსური ინფორმაციის ხარისხი. BARTA და მისი წესები შეესაბამება, როგორც საუკეთესო პრაქტიკას, ასევე – ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნებს; სწავლობს ნარატიულ ანგარიშგებას; ეცნობა კომპანიის მაჩვენებლებს – იმ ისტორიას, რაც მათ ანგარიშს ზურგს უმაგრებს. ჯილდო პირველად 2019 წელს გაიცა. მაშინ კონკურსში მხოლოდ დალისტული კომპანიები იღებდნენ მონაწილეობას. მას შემდეგ, მონაწილეთა რაოდენობა მზარდია. 2020 წელს პირველი თვით–ნომინირებული მონაწილე გვყავდა; 2022 წელს 17–იდან 6 თვით–ნომინირებული იყო. წელს 29 კომპანიაა და მათგან 12 თვით–ნომინირებულია. ჯილდოს მიმართ აშკარად იგრძნობა მზარდი ინტერესი – კომპანიებს სურთ კონკურსში მონაწილეობის მიღება და საკუთარი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესება”, - განაცხადა მან.

კითხვაზე, რას ამბობს ეს რიცხვები, რა ტენდენცია იკვეთება ამ წლების განმავლობაში და გამჭვირვალობა, როგორც ღირებულება, ბიზნესებს შორის მტკიცედ იკიდებს ფეხს, ედრიან ფოზარდი ამბობს, რომ ნამდვილად ასეა.

“დიახ. ასე მგონია. კომპანიებმა გვაჩვენეს, რომ კონკურსში მონაწილეობა მათთვის უფრო საინტერესოა, მათი ანგარიშგების ხარისხიც გაზრდილია. ბუნებრივია, რომ როდესაც ეს პროცესი დაიწყო, კომპანიები თავს იკავებდნენ – შესაძლოა, ეშინოდათ კიდეც საკუთარი ბიზნესების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების – ზოგიერთი ღელავს, რომ კონკურენტებმა შესაძლოა ეს ინფორმაცია არასწორად გამოიყენონ – მაგრამ ვფიქრობ მაინც მზარდია ბიზნესებს შორის ცნობიერება, რომ მათ საუკეთესო ინტერესშია წარმოადგინონ მაღალი ხარისხის კორპორაციული ინფორმაცია, თუ სურთ ინვესტორთა მოზიდვა და შენარჩუნება. გამჭვირვალე ანგარიშგება მნიშვნელოვანია ასევე მომხმარებლებთან, ინვესტორებთან ნდობის გასამყარებლად. განსაკუთრებულ მნიშვნელობას კი მაშინ იძენს, თუ კომპანიები იღებენ გადაწყვეტილებას, საჯაროდ დაილისტონ. ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს – მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან – ემბისის–სთან დაკავშირებით – მათ მიიღეს ბარტა–ს ჯილდო მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორიაში და წელს საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა ფასიანი ქაღალდი. ამდენად – გამჭვირვალე ანგარიშგებას კომპანიისთვის პირდაპირი სარგებელი შეიძლება ჰქონდეს”, - აცხადებს ის.

რაც შეეხება გამოწვევას, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი ამბობს, რომ მთავარი გამოწვევა ალბათ კომპანიების მიდგომაა, რომლებიც ჯერ კიდევ არ ასაჯაროვებენ ზუსტ და გულწრფელ ინფორმაციას.

“ისინი იყენებენ ისეთი ტიპის ენას, რომელიც ნებისმიერ კომპანიას შეიძლება მოერგოს. მათი ნარატივი არ მოიცავს ისეთ დეტალებს, რაც კონკრეტულად მოცემულ კომპანიაზე შეგვიქმნიდა წარმოდგენას, მისთვის რელევანტურ ინფორმაციას მოგვაწვდიდა, კომპანიის მუშაობასთან დაკავშირებულ უნიკალურ ფაქტორებს გაუსვამდა ხაზს – ამ დეტალების გაუთვალისწინებლობა ანგარიშს აქცევს ტექნიკურ დოკუმენტად, რომლის წაკითხვაც ადვილი არ არის, არ არის საინტერესო და არ იწვევს ჩართულობას.

მკითხველისთვის რთული ხდება ასეთი ანგარიშის წაკითხვა და მისი ინტერპრეტირება. რიგ შემთხვევებში ისეთ შთაბეჭდილებასაც ტოვებს, თითქოს, კომპანიები რაღაცის დამალვას ცდილობენ. არ არიან გულწრფელები თავიანთ შეფასებებში. ნებისმიერი ანგარიშის მთავარი მიზანია კომუნიკაციის დამყარება. ანგარიში იმისთვისაა, რომ ამბავი მოყვეს. რა ამბავია? რა გამოწვევები არსებობს, რასაც კომპანია ამ ეტაპზე აწყდება? როგორ ართმევს ის თავს ამ გამოწვევებს? როგორ ახორციელებენ საკუთარ მიზნებს?”, - ამბობს ედრიან ფოზარდი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები