მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამჭვირვალობა შემცირდა - GRECO-მ საქართველოს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა

მთავრობა

ევროპის საბჭოს „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფმა“ (GRECO) საქართველოს მე-5 რაუნდის ანტიკორუფციული შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც აფასებს ცენტრალური ხელისუფლებასა და სამართალდამცველ ორგანოებში კორუფციის პრევენციისა და კეთილსინდისიერების მექანიზმებს.

GRECO აკეთებს მოწოდებას გადამწყვეტი ზომების მიღებაზე საქართველოში კორუფციის პრევენციისთვის. დოკუმენტის თანახმად, ბოლო წლებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიმართულებით გამჭვირვალობამ მკვეთრად იკლო და დაფიქსირდა ინფორმაციის თავისუფლების უფლების ხშირი დარღვევა. ასევე, აშკარაა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საჯარო დოკუმენტების პროაქტიული გამოქვეყნების სიმცირე.

საჭიროა შემდგომი ნაბიჯების გადადგმა ინფორმაციის დროული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ასევე პროაქტიული გამჭვირვალობის გასაძლიერებლად. ამ სფეროში სათანადო უფლებამოსილებებითა და რესურსებით აღჭურვილმა დამოუკიდებელმა ზედამხედველობის მექანიზმმა უნდა უზრუნველყოს კანონმდებლობის ეფექტური აღსრულება“,- აღნიშნული ანგარიშში.

GRECO მიუთითებს, რომ უნდა გადაიხედოს ანტიკორუფციული ბიუროს სამართლებრივი ჩარჩო, გაიზარდოს მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა და ეფექტური საქმიანობისთვის აღიჭურვოს სათანადო ფინანსური და ადამიანური რესურსებით.

ერთ-ერთი რეკომენდაციაა, შემუშავდეს აღმასრულებელი ფუნქციების მქონე პირებთან მიმართებით კორუფციის პრევენციისთვის კონკრეტული სტრატეგია, ვინაიდან 2020 წლიდან არ შემუშავებულა ახალი ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

GRECO მიუთითებს, რომ ინტერესთა კონფლიქტის რისკის პრევენციისთვის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში უნდა შემოწმდეს კეთილსინდისიერება, როგორც დანიშვნის პროცედურის ნაწილი. GRECO-ს რეკომენდაციაა, გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად, ხელისუფლებაში ყველა მრჩევლის სახელი, გვარი და ფუნქცია გახდეს საჯარო და ადვილად ხელმისაწვდომი.

ამასთან, ანგარიშის თანახმად, ლობირების მარეგულირებელი ნორმები არსებობს, თუმცა არ ხდება მათი აღსრულება. დანერგილია ქონებისა და ფინანსური ინტერესების დეკლარირების საკმაოდ ყოვლისმომცველი სისტემა და ეს დეკლარაციები ქვეყნდება საჯაროდ. თუმცა, ბოლო წლებში მონიტორინგისთვის დეკლარაციების შერჩევის პროცესში არ გამოიყენება რისკზე დაფუძნებული მიდგომა და ამ პროცესს ჯერ კიდევ არ მოჰყოლია სისხლისსამართლებრივი სანქციების დაწესება.

GRECO მაღალი თანამდებობის პირების სისხლისსამართლებრივი დევნისას არასაკმარის ეფექტურობაზეც მიუთითებს და აღნიშნავს, რომ პრაქტიკაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს კორუფციასთან დაკავშირებულ დანაშაულებებში ეჭვმიტანილი თანამდებობის პირების მიმართ სისხლის სამართლის გამოძიებისა და დევნის დამოუკიდებლობა და ეფექტურობა.

რაც შეეხება სამართალდამცველებს (საპატრულო პოლიცია, ცენტრალური კრიმინალური პოლიცია, სასაზღვრო პოლიცია), რეკომენდაციაა, რომ შეიქმნას სპეციალური ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ასევე, საჭიროა დამატებითი ზომები ბიოგრაფიული მონაცემების/თანამდებობასთან შესაბამისობის რეგულარულად შესამოწმებლად პოლიციელის მთელი კარიერის განმავლობაში, უფრო ხშირად კი მათ შესამოწმებლად, ვისაც აქვს წვდომა სენსიტიურ ინფორმაციაზე.

„პოლიციაში აუცილებლად მისაღებია და პრაქტიკაში გასატარებელია ზომები მამხილებელთა დასაცავად, შესამუშავებელია სპეციალური გარე ინფორმირების არხები, ასევე პოლიციის ყველა დონეზე ჩასატარებელია მიზნობრივი და ცნობიერების ამაღლების ტრენინგები“,- აღნიშნულია ანგარიშში.

აღნიშნული დოკუმენტი 2024 წლის 22 მარტს, სტრასბურგში, GRECO-ს 96-ე პლენარულ სხდომაზე დამტკიცდა. GRECO გაცემული რეკომენდაციების შესრულებას 2025 წელს შეაფასებს.

26 აპრილს,“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” განაცხადა, რომ მთავრობა GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავდა და ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდა დოკუმენტის გასაჯაროებისკენ. დოკუმენტის დამალვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უარყო და თქვა, რომ ანგარიში ითარგმნებოდა და გასაჯაროვდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები