ვიდეოთამაშების, სათამაშო კონსოლებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების ერთ-ერთმა უდიდესმა ამერიკულმა ქსელმა, 933 მილიონი დოლარის ღირებულების 45 მილიონი აქცია გაყიდა, რასაც კომპანიის ინვესტორები დადებითაც შეხვდნენ, ხოლო აქციის ფასმა წინასაბირჟო ვაჭრობაში თითქმის 27%-ით იმატა. კონკრეტულად რა ფასად გაყიდა კომპანიამ აქციები, დაკონკრეტებული არ არის, მაგრამ როგორც GameStop-ში ამბობენ, გარიგება საბაზრო ფასით შესრულდა და არა წინასწარ განსაზღვრული ფასით. თავად ეს გადაწყვეტილება კი, მოულოდნელი არ არის, რადგან მის შესახებ ინვესტორებმა ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში იცოდნენ, როცა ბაზარზე ე.წ. “მიმი აქციების” აღორძინების მორიგი ციკლი დაიწყო.
თავად ეს სიმბოლური სტატუსი, რომელიც GameStop-ის გარდა AMC-ის, Truth Social-სა და კიდევ ათობით კომპანიას აქვს, ნიშნავს, რომ ამ კომპანიების აქციების ვოლატილობა ძალიან მაღალია, ფუნდამენტური რეპუტაცია კი, არც ისე. ასეთი ტიპის აქციებს კიდევ ერთი თავისებურება გამოარჩევს - ისინი განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან სოციალურ მედიაში გავრცელებული პოსტების მიმართ, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მიმართულებით. ამგვარად, ე.წ. “მიმი აქციების” ჩამონათვალში ხშირად ილონ მასკის ელექტრომობილების მწარმოებელ Tesla-საც ვხვდებით. მსგავსი დინამიკით ზოგიერთი კრიპტოვალუტაც ხასიათდება, რის გამოც ინვესტორები მათ ე.წ. “მიმკოინებად” მოიხსენიებენ.
საინტერესოა, რომ ე.წ. “მიმი აქციები” ერთგვარი ციკლურობით ხასიათდება, რომელიც, თავის წილ, უმეტესწილად, სოციალურ მედიაში გავრცელებულ რომელიმე განცხადებას ან მსოფლიოში მომხდარ გარკვეულ მოვლენას უკავშირდება. საფონდო ბაზარზე ე.წ. “მიმი აქციების” აღორძინების მიმდინარე ციკლი მას შემდეგ დაიწყო, რაც იუთუბერი და ფინანსური ინფლუენსერი, Roaring Kitty ბოლო სამი წლის განმავლობაში ინტერნეტში პირველად გამოჩნდა. თავად ეს ფაქტი კი იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ Roaring Kitty-ის მას შემდეგ არ დაუპოსტავს, რაც მის განცხადებებს 2021 წელს GameStop-ისა და სხვა კომპანიების აქციების მასობრივი გაყიდვა, ე.წ. “გაშორტვა” მოჰყვა.
ცნობისთვის, ამჟამად, ამერიკული GameStop-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $6.6 მილიარდს აღემატება, ხოლო კომპანიის ერთი აქცია $19-ად ივაჭრება. საინტერესოა, რომ 2021 წლის იანვრამდე, GameStop-ის აქციები დაახლოებით $4-ად ივაჭრებოდა, მაგრამ მოგვიანებით, ფასი ცას ეწია და კომპანიის ერთი აქცია $81-ზე მეტად ივაჭრებოდა. იმ დროს, კომპანიის საბაზო კაპიტალიზაცია $22.6 მილიარდს აღემატებოდა, ხოლო მას შემდეგ, აქციის ფასი 76%-ზე მეტად არის გაუფასურებული.




























