"ბემონის“ მმართველი პარტნიორი გიორგი მირცხულავა სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფრასტრუქტურულ პროექტებში არსებულ სისტემურ ჩამორჩენაზე საუბრობს. მისი თქმით, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იყო საუბარი ელექტროსისტემაში გამართულ მრჩეველთა საბჭოზე, სადაც როგორც ის ამბობს, ბიზნესმა მიიღო დაპირება პროექტების ვადებში დასრულებასთან დაკავშირებით.
ამასთან, მირცხულავას შეფასებით, შეხვედრაზე იყო მიღწეული შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ელექტროსისტემის პროექტების მონიტორინგში კერძო სექტორს, სურვილის შემთხვევაში, ჩართვის საშუალება ექნება.
“ძალიან დეტალური პასუხი მივიღეთ თითოეულ ამ პროექტზე, იმიტომ რომ იქ მჯდომი ადამიანებისათვის ზოგიერთი პროექტი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. წარმოიდგინეთ, მე ვარ დეველოპერი, ვდებ პოტენციურად ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციას და ჩემი ობიექტისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის წყარო არის გადამცემი ხაზი ან ქვესადგური, რომელიც მე უნდა დამახვედროს სახელმწიფომ. სახელმწიფოსთვისაც საინტერესოა, რაც უფრო მეტი გადამცემი ხაზი აშენდება, მეტი ქვესადგური აშენდება და მეტი სიმძლავრე შევა.
გამიჭირდება დავასახელო რომელიმე პროექტი, რომელიც ვადაზე ადრე ან ვადაში დასრულდა. ასეთი პროექტები არის თითო-ოროლა. ძალიან პრობლემური არის საერთაშორისო რესურსებით დაფინანსებული პროექტები, იმიტომ თითქმის ყველგან არის ჩამორჩენა, იყო შეცდომები - დაგეგმარებაში დაშვებული ორივე მხრიდან თავის დროზე. დაშვებულია შეცდომები უცხოელი დამოუკიდებელი ინჟინრების მხრიდან, რასაც ყველა მხარე აღიარებს. ძალიან დიდი სამუშაო გასწია ელექტროსისტემამ და ძალიან მკაცრი ჩაკეტილი ვადები მივიღეთ ახლა ბევრ პროექტზე. ასევე მნიშვნელოვანია რამდენიმე დეველოპერისთვის და მიღწეულია ერთგვარი ურთიერთგაგება, რომ არა მარტო სახელმწიფო ელექტროსისტემა, როგორც მას ევალება გაუწიოს მონიტორინგი თუ როგორ, რა ხარისხით, რა სისწრაფით მიდის ეს პროექტები, არამედ ის დეველოპერები,ვინც დაინტერესებულები არიან, მათაც პირდაპირი წვდომა ექნებათ რომ მივიდნენ პროექტის ტერიტორიაზე და მშენებელ კომპანიას შეხვდნენ, დრონით შეხედონ რა სიტუაციაა", - ამბობს "ბემონის" მმართველი პარტნიორი გიორგი მირცხულავა.




























