პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის, მეხუთე მუხლის განხილვისას დეპუტატებმა იაგო ხვიჩიამ და გიორგი ვაშაძემ რეგულირების რისკების შესახებ ანრი ოხანაშვილს, რომელიც კანონპროექტს მეორე მოსმენაზე წარადგენს ჰკითხეს - ხომ არ გამკაცრდება კანონის აღსრულება შემდგომ პერიოდში სხვა კანონპროექტების ინიციირებით.
როგორც დეპუტატი, გიორგი ვაშაძე სხდომაზე აცხადებს, მმართველი პარტიის მთავარი მიზანი არა გამჭვირვალობა, არამედ მათ მიზანს რეესტრის შექმნა და ორგანიზაციებისა თუ ადამიანებისთვის დამღის დასმაა.
მისი თქმით, ხელისუფლების მიზანს, კანონში მიზნობრიობის შესწავლის დამატება და შემდეგ უკვე ამ ორგანიზაციების აკრძალვა წარმოადგენს.
„რეალურად, თქვენი მიზანი ის კი არ არის, რომ რაიმე გამჭვირვალე გახადოთ. თქვენი მიზანია, რეესტრი შექმნათ, შემდეგ ამ ადამიანებს და ორგანიზაციებს დამღა დაასვათ და თქვათ, რომ ეს არის უცხოური ინტერესების გამტარებელი. შემდგომ, როგორც რუსეთის ფედერაციაში მოხდა და (მიზნობრიობაზე საუბრის დროს, აქ მაგიტომ იჭედებით) შემდეგ უკვე დაიწყებთ, რომ ეს არ ემსახურება იმ მიზანს, ამდენი მაგალითი გვაქვს, მაგალითად როგორც "კანვასზე" გითხრათ ჩემმა კოლეგამ, სხვა შემთხვევაში, ახლა ეს ორგანიზაცია უნდა გაუქმდეს ან პასუხისგებაში უნდა მიეცეს.
ეს არის დამღა, რომელსაც მათ შორის „ეუთო ოდირი“ და მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებიც გეუბნებათ. არცერთ დონორს თქვენთვის არ უთქვამს, რომ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად„ ჩემი ფინანსებით დაფინანსებული ორგანიზაციების რეგისტრაცია მოახდინეთო. ანუ, თქვენი რეალური ინტერესია, რომ შემდგომ ამ მუხლს დაამატოთ მიზნობრიობის შესწავლა და აკრძალოთ ეს ორგანიზაციები. აი ეს არის სიმართლე. ისე, როგორც რუსეთში მოხდა. ამიტომაა ეს კანონი რუსული", - აცხადებს ვაშაძე
იაგო ხვიჩია პარლამენტის სხდომაზე კანონპროექტის მეხუთე მუხლის განხილვისას საფრთხეებზე საუბრობს, რომ ეს კანონი შესაძლოა რუსული კანონის ანალოგის შექმნის მცდელობა იყოს.
მისი თქმით, არსებობს საფრთხე იმისა, რომ ამ კანონში გარკვეული ცვლილებები შევიდეს, რომელიც ე.წ. უცხოური ინტერესების გამტარ ორგანიზაციებთან საქმიანობას თანდათან და შეუმჩნევლად დაამძიმებს.
„მეხუთე მუხლი აწესრიგებს საჯაროობას, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის. ეს რეესტრი, საჯარო რეესტრის სააგენტოს ევალება. საჯარო რეესტრის შესახებ კანონი არის კოდიფიცირება იმ კანონმდებლობის, რომელიც თავის დროზე საჯარო რეესტრის საქმიანობას არეგულირებდა. ამ ცვლილებებით, თქვენ არ გაქვთ წარმოდგენილი საჯარო რეესტრის შესახებ კანონში ცვლილებათა პაკეტი. იმ კანონში კიდევ ყველაფერი წერია, თუ რა ექვემდებარება ზოგადად საჯარო რეესტრებში, ეს იქნება სხვადასხვა რეესტრებში უძრავი ქონებები, თუ სამეწარმეო რეესტრების რეგისტრაცია.
რატომ არ განაპირობა ამ ცვლილებამ საჭიროება, საჯარო რეესტრის შესახებ კანონში და ეს ხომ არ არის პირობითად მცდელობა ამ კანონის რუსული ანალოგის. იმ თვალსაზრისით, რომ თავდაპირველ კანონში იყო ერთი ტიპის შეზღუდვები, თუმცა შემდგომში, როდესაც სხვადასხვა ტიპის კანონმდებლობაში შედიოდა ცვლილებები. მაგალითად, თქვენ რომ ცოტა ხანში წარმოადგინოთ ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სადაც ვთქვათ, დამამძიმებელი გარემოება იქნება რომელიმე სამართალდარღვევის ჩადენა იმ შემთხვევაში, თუ ის ამ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციის მიერაა ჩადენილი. ან, სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები, რომლებიც ცოტა ხაში, შემდეგი პაკეტით. იმიტომ, რომ ცხადია, საჯარო რეესტრის შესახებ კანონში პაკეტი საჭიროა და იქ უბრალოდ საჭიროა ცვლილება, რადგან ეს განახორციელოთ.
ჩემი კითხვა ასეთია, რომ ამას ხომ არ ინახავთ იმისათვის, რომ შემდეგში შემოიტანოთ კანონპროექტები, რომელზედაც იტყვით რომ აი აქედან გამომდინარე, ტექნიკური ხასიათის ცვლილებებია, მაგრამ იქნება შინაარსობრივად გამომდინარე აქედან ცვლილებები კანონმდებლობაში, რომელიც დაამძიმებს თანდათან და შეუმნევლად ე.წ. უცხოური ინტერესების გამტარ ორგანიზაციებთა საქმიანობას?“ - ჰკითხა ხვიჩიამ.
ანრი ოხანაშვილმა აღნიშნულ კითხვებს ასე უპასუხა:
"დღის წესრიგში არავითარი პოტენციური ცვლილებები არ დგას, არ განიხილება და შესაბამისად ის შიშები, რასაც თქვენ ამბობთ, აქაც გამოჩნდა თქვენი რეალური სახე - ანუ ახლა არ არის მძიმე და მერე დაამძიმებთო, ამას ეუბნებით ჩვენს საზოგადოებას, ახლა ამას მიიღებთ და აპირებთ რაღაცის შემოცურებასო, აქ მარტივად გაიშიფრეთ, რომ ეს არ არის ის მძიმე რეგულაციები, რომლებიც ვინმეს ტვირთად დააწვება. პოტენციურად, ჰიპოთეტურად რისკს ვხედავთო, რომ ოდესღაც შეიძლება ეს გამკაცრდეს და სხვა კანონებში შევიდეს ცვლილება. ეს არის ტყუილი. ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ამიტომ ასეთ ტყუილებს და სპეკულაციებს თავი დაანებეთ", - განმარტა ოხანაშვილმა.