იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, „რუსული კანონის“ განხილვისას გიორგი ვაშაძეს დარბაზი დაატოვებინა, მიზეზად მიკროფონის გარეშე საუბარი დაასახელა.
კომიტეტის სხდომა დაახლოებით 9:00 საათზე დაიწყო, რომელზეც კანონპროექტს მუხლობრივად განიხილავენ. ჯერჯერობით რამდენიმე დეპუტატმა მოახერხა კითხვის დასმა. მათ შორის ხატია დეკანოიძემ იკითხა, ფიქრობს თუ არა მამუკა მდინარაძე, რომ ამ კანონის მიზანი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
ლევან ხაბეიშვილმა იკითხა, - „ამ კანონს იმიტომ იღებთ რომ ევროკავშირზე თქვათ უარი?“-ო. თინა ბოკუჩავას განცხადებით, კანონპროექტს არ აქვს ლეგიტიმური მიზანი. მისი აზრით, მმართველი პარტიის მიზეზი ამ შემთხვევაში ხელისუფლების მიერ ძალაუფლების დაკარგვის შიშია, ეს კი საერთაშორისო ნორმების მიხედვით, ვერ იქნება ლეგიტიმური მიზანი ამგვარი შემზღუდავი ნორმების დაწესებისთვის.
„სამართლებრივად ხელისუფლების დაკარგვა არ არის ლეგიტიმური მიზანი“ - განაცხადა თინა ბოკუჩავა.
სხდომა, რომელზეც "რუსულ კანონს" მეორე მოსმენით განიხილავენ, პერიოდულად ხმაურით მიმდინარეობს.