პროკურორი მიხეილ სადრაძე ამბობს, რომ საკითხებს, რაზეც გიორგი ბაჩიაშვილმა გაამახვილა ყურადღება, მოიცავს გამოძიება, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა.
ცნობისთვის, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში „მტკვარი ჰესის“ საქმეზე წინასასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ბაჩიაშვილმა თქვა, რომ გაიტაცეს და 2 დღე თვალახვეული ატარეს.
კითხვაზე, დაინტერესდება თუ არა გამოძიება ამ საკითხით, პროკურორი ამბობს, რომ გამოძიებას სუს აწარმოებს და კითხვებზე პასუხი გამოძიებას ექნება. მან ასევე არ გასცა კონკრეტული პასუხი კითხვას გიორგი ბაჩიაშვილის პასპორტის შესახებ.
"ბრალდებულმა განაცხადა საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებით და ა.შ. თქვენც მოისმინეთ. იმ საკითხებზე, რაზეც ბრალდებულმა გააკეთა აქცენტი, გამოძიება მათ შორის მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. შესაბამისად, ეს ორგანო, ამ გამოძიების ფარგლებში მოიპოვებს შესაბამის ინფორმაციას და მიაწვდის საზოგადოებას. უფრო დეტალურ კომენტარს ვერ გავაკეთებ",- თქვა პროკურორმა.
შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.




























