მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გამოფენაზე გატანილი სალვადორ დალის 21 ნამუშევარი შესაძლოა ყალბი იყოს

1. Salvador Dali Forgery
03.10.25 23:55
721

ავტორი: სალომე ზაალიშვილი

იტალიის ქალაქ პარმაში გამართული სალვადორ დალის მონოგრაფიული გამოფენიდან პოლიციამ 21 ნამუშევარი მოხსნა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ნამუშევრები ყალბია.

Palazzo Tarasconi-ში 27 სექტემბერს გახსნილ გამოფენაზე სახელწოდებით “დალი ხელოვნებასა და მითს შორის” სალვადორ დალის 80 ნამუშევარი იყო გამოფენილი. ნამუშევრების გამოფენიდან მოხსნის გადაწყვეტილება ესპანელი ექსპერტების და იტალიის პოლიციის ხელოვნების დეპარტამენტის დადგენილების საფუძველზე მოხდა.

პოლიციას ნამუშევრების ნამდვილობაში ეჭვი იანვარში შეეპარა, როდესაც გამოფენა რომში ქვეითი ჯარის ისტორიის მუზეუმში იყო განთავსებული.

დიეგო პოლიოს, პოლიციის უფროსი ოფიცრის, თქმით, გამოფენის პირველადი დათვალიერებისას უცნაურად მოეჩვენათ, რომ გამოფენაზე მხოლოდ ლითოგრაფიები, პოსტერები, რამდენიმე ქანდაკება და სხვა ნივთები იყო; ნახატები კი მათ ვერ ნახეს. გამოფენის შესახებ ინფორმაციის გადასამოწმებლად ესპანეთში, კატალონიაში არსებულ გალა-სალვადორ დალის ფონდს მიმართეს. ფონდმა განაცხადა, რომ გამოფენის შესახებ არანაირი ცნობა არ ჰქონდათ. ფონდის ექსპერტებმა რომში ჩასვლისას დაადასტურეს, რომ არსებობდა რეალური შესაძლებლობა ნამუშევრები ყალბი ყოფილიყო.

სალვადორ დალიმ წარმოუდგენელი რაოდენობით ნამუშევრები შექმნა 50-წლიანი კარიერის განმავლობაში, თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ მისი ნამუშევრების ყალბ რეპროდუქციებს ბაზრის საკმაოდ დიდი ნაწილი უკავია.

სალვადორ დალიმ 1970-იან წლებში, როდესაც ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, აქტიურად დაიწყო სხვადასხვა გამომცემლობებთან თანამშრომლობა, რომელთა მეშვეობითაც ყიდდა ლითოგრაფიებს.

სალვადორ დალი ისტორიაში ალაბთ ყველაზე ხშირად გაყალბებული მხატვარია, მისი ნამუშევრების გაყალბება აქტიურად 80-იან წლებში დაიწყო, როდესაც მხოლოდ ამერიკის ბაზარზე 625 მილიონიდან 1 მილიარდამდე ღირებულების ასეთი ნამუშევრები გაიყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები