მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოიწვევს თუ არა ახალი რეგულაციები აუდიტორული მომსახურების გაძვირებას - "ქუდოს ჯორჯიას" მოსაზრება

აუდიტი

„ქუდოს ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი მიიჩნევს, რომ აუდიტორული კომპანიებისთვის დაგეგმილმა რეგულაციებმა შესაძლოა, ბაზარზე აუდიტორული მომსახურება გააძვიროს.

როგორც ირაკლი ჟვანიამ BMG-ის განუცხადა, სხვადასხვა მიზეზის გამო წლიდან წლამდე აუდიტორული კომპანიების მომსახურება ისედაც ძვირდება და ახალი მოთხოვნები სავარაუდოდ, ფასებს დამატებით გაზრდის.

მისი თქმით, ამ მიმართულებით აღსანიშნავია დაგეგმილი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც გარიგების პარტნიორი ანუ აუდიტზე პასუხისმგებელი პირი, ამავე პოზიციაზე ერთზე მეტ აუდიტორულ კომპანიაში ვეღარ დასაქმდება, ამასთან, პარალელურად, ინდივიდუალურად აუდიტორულ მომსახურებას ვეღარ განახორციელებს.

„დღეს აუდიტორების ნაწილი ერთდროულად რამდენიმე კომპანიაში მუშაობს, ასევე კონკრეტულ ფირმაში დასაქმებული პირი ინდივიდუალურადაც ეწევა აუდიტორულ საქმიანობას. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიზანია, რომ რეგულაციებით ანგარიშგებების ხარისხი გაიზარდოს, რადგან აუდიტორები ერთ კომპანიაზე იქნებიან კონცენტრირებული. მეორე მხრივ, თუკი აუდიტორების გადმოსახედიდან შევხედავთ, ეს რეგულაცია რიგ შემთხვევაში, დამატებითი სამუშაო ადგილების დაკარგვას გამოიწვევს, ასევე აუდიტორებს ინდივიდუალურ პროექტებზე უარის თქმა მოუწევთ. ზოგადად, წლიდან წლამდე აუდიტორული მომსახურება ძვირდება. ეს რეგულაციები ხარისხის გაუმჯობესებისკენაა მიმართული და სავარაუდოდ, დამატებით ბიძგს მისცემს გაძვირების პროცესს, რადგან კომპანიებს მეტი ხარჯის გაწევა მოუწევთ აუდიტორებზე. მთლიანობაში მნიშვნელოვანია, რომ ეს რეგულაციები დარგთან შეჯერებული პოზიციების საფუძველზე მიიღონ“, - განაცხადა ირაკლი ჟვანიამ.

ცნობისთვის, აუდიტორულ კომპანიებზე ახალი რეგულაციები გავრცელდება. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, გარიგების პარტნიორი აღარ იქნება უფლებამოსილი დასაქმებული იყოს გარიგების პარტნიორად ერთზე მეტ აუდიტორულ ფირმაში. ამასთან, რიგ შემთხვევებში, ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი კომპანია ვეღარ შეძლებს იმავე სუბიექტს არააუდიტორული მომსახურება გაუწიოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები