მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოკითხული საწარმოების 65%-ს შემოსავლები 50%-ით შეუმცირდა - PwC-ის კვლევა

5ed0af072d047
BM.GE
29.05.20 10:50
1343
"ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველოს" (PwC საქართველო) და ინვესტორთა საბჭოს ერთობლივი კვლევა აჩვენებს, რომ მოთხოვნის შემცირება საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორში არის შესამჩნევი. კერძო სექტორის კვლევა ჩატარდა 16-27 აპრილს ონლაინ გამოკითხვის გზით და მასში მონაწილეობა 1,938-მა ბიზნესმა მიიღო.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი საკითხები:

"მოთხოვნის შემცირება არის COVID19-ით გამოწვეული ყველაზე გამოკვეთილი გვერდითი მოვლენა. მოთხოვნის შემცირებამ გამოკითხული საწარმოების უმეტესობაში (65%) უკვე გამოიწვია 50%-ზე მეტით შემოსავლის შემცირება. რესპონდენტებს შორის ყველაზე მეტად დაზარალდნენ სასტუმროები და რესტორნები, რომელთა 75%-ზე მეტმა განიცადა შემოსავლის მნიშვნელოვანი შემცირება. 

მოთხოვნის შემცირებამ, კლიენტების მხრიდან დაგვიანებულმა გადახდებმა (ფულადი მოთხოვნების შეგროვების პრობლემა) და ზოგადად მომხმარებელთა ქცევის შეცვლამ, კომპანიების ლიკვიდობის პრობლემა გამოიწვია. გამოკითხული კომპანიების 28%-ს უკვე შეექმნა პრობლემები არსებული ვალდებულებების გასტუმრებასთან დაკავშირებით, დაახლოებით ნახევარს აღნიშნული გამოწვევები 1-6 თვის განმავლობაში შეექმნება, ხოლო გამოკითხულთა მხოლოდ 15% გეგმავს შემცირებების გარეშე ლიკვიდობის შენარჩუნებას.

მოთხოვნის შემცირების და ლიკვიდობასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების დროულად საპასუხოდ კომპანიებს თანამშრომლების რაოდენობის შემცირება მოუხდათ. გამოკითხული საწარმოების 50%-ზე მეტმა სხვადასხვა მასშტაბით უკვე შეამცირა დასაქმებულთა ოდენობა. მათ შორის ყველაზე დიდი შემცირებები სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში შეინიშნება - აღნიშნულ სექტორში კომპანიების 40%-ზე მეტმა გაათავისუფლა ყველა დასაქმებული. ამ თვალსაზრისით სოფლის მეურნეობის სექტორი ყველაზე ნაკლებად დაზარალდა. 

პანდემიის გავრცელებასთან ერთად კომპანიების უმეტესობა დამატებითი დაფინანსების მოძიების გამოწვევის წინაშე დადგა. გამოკითხულთა 79%-ს ესაჭიროება დამატებითი დაფინანსება, მაგრამ ამ ეტაპისთვის (გამოკითხული) კომპანიების 85%-ს ჯერ არ მიუმართავს ფინანსური ინსტიტუტებისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად,"- ნათქვამია PWC საქართველოს ანგარიშში.

მეთოდოლოგია

2020 წლის 16-27 აპრილს PwC საქართველომ დისტანციურად გამოკითხა მიკრო, მცირე და დიდი ზომის კომპანიების (დასაქმებულთა რაოდენობა აღემატება 250-ს) 1,938 ბიზნესის ლიდერი, რაც საფუძვლად დაედო ამ ანგარიშს. მიღებული შედეგების გაანალიზება და შეფასება განახორციელეს PwC საქართველოს და პოლონეთის ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები