მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოცდები დასრულდა - როგორი იყო გამოცხადების მაჩვენებელი აბიტურიენტებსა და მასწავლებლებში?

გამოცდები

2026 წლის გამოცდები დასრულდა. ბოლო გამოცდა 29 ივლისს მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში ჩატარდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ გამოცდაზე რეგისტრირებულთა 80%-ზე მეტი გამოცხადდა.

ჯამში კი, NAEC-ის მონაცემებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადდა რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 94%-მდე. სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე - რეგისტრირებულ აპლიკანტთა 79%-ზე მეტი. საერთო სამაგისტრო გამოცდაზე - 83%-ზე მეტი, ხოლო მასწავლებელთა გამოცდებზე კი - რეგისტრირებულთა 83%-ზე მეტი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი.

შეგახსენებთ, ნაშრომების გასწორების პარალელურად, უკვე მიმდინარეობს ცალკეულ საგნებში შედეგების გამოქვეყნება. სხვა საგამოცდო საგნების შედეგებიც ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება.

"გამოსაცდელები შედეგების ნახვას შეძლებენ ვებგვერდზე online.naec.ge, პირადი ნომრისა და სარეგისტრაციო გვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მიღებული რვანიშნა კოდის გამოყენებით.

ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება საპრეტენზიო განაცხადების მიღება. განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად და გამოსაცდელებს შესაძლებლობა ექნებათ გაასაჩივრონ როგორც ერთი ან რამდენიმე დავალება, ასევე მთლიანი ტესტი", - წერია NAEC-ის განცხადებაში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს ახსენებს, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს საპრეტენზიო განაცხადებზე პასუხების გამოქვეყნების მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ.

შეგახსენებთ, 2026 წლის საგამოცდო პროცესი 2 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო. 83 000-ზე მეტ აპლიკანტს საქართველოს 12 ქალაქში გახსნილი 24 საგამოცდო ცენტრი ემსახურებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები