მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გამოვიყენებთ მაქსიმალურ ძალას, რაც დასჭირდება კანონის დაცვას" - კობახიძე

ირაკლი კობახიძე

"გამოვიყენებთ მაქსიმალურ ძალას, რაც დასჭირდება კანონის დაცვას", - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხვალ დაანონსებულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით თქვა.

ჟურნალისტის კითხვაზე - რა სახის ძალის გამოყენებაზეა საუბარი და უნდა ველოდოთ, თუ არა ისეთ შემთხვევებს, როგორც წინა დიდი აქციების დროს იყო, როცა ძალოვნების მხრიდან ჟურნალისტებსა და დემონსტრანტებზე ძალის გადამეტება დაფიქსირდა, კობახიძემ აღნიშნა:

„წინა აქციების დროს იყო სამი საკმაოდ მძიმე ინციდენტი, სადაც აშკარა იყო ძალის გადამეტება. მაგალითად, იყო როგავას შემთხვევა, იყო ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცის შემთხვევა, ხაბეიშვილის შემთხვევა, და იყო ასევე „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიმართ, რაც არ უკავშირდებოდა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს. რაც შეეხება ძალოვნებს, სამი შემთხვევა იყო.

რაც შეეხება ჩვენს მიზანს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არც ერთი ასეთი ინციდენტი არ მოხდეს. ასეთი ინციდენტი შედის სწორედ მოძალადეების ინტერესებში. ასე იყო წინა შემთხვევაშიც - მხოლოდ მოძალადეების წისქვილზე დაასხა წყალი ასეთმა ინციდენტებმა. აქედან გამომდინარე, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ასეთი ინციდენტები არ მოხდეს. რაც შეეხება ძალის გამოყენებას - გამოვიყენებთ მაქსიმალურ ძალას, რაც დასჭირდება კანონის დაცვას“, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ძალიან მკაცრი მითითებები უკვე მიეცათ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა იყოს გამოყენებული პროპორციული ძალა.

როგორც მან აღნიშნა, მაქსიმუმი გაკეთდა და გაკეთდება იმისათვის, რომ თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი ინციდენტი, არასწორი ქმედება, თუ არაპროპორციული ძალის გამოყენება.

„ამაზე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ამისთვის გავაკეთეთ და გავაკეთებთ მაქსიმუმს. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ჩვენი პასუხისმგებლობა, პოზიცია ამასთან დაკავშირებით. თუ იქნება ექსცესები, ასეთი პრობლემა ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს. ვეცდებით, თუ დანაშაული იქნება ჩადენილი, იმის გამოვლენას და ბუნებრივია, ეს საკითხი დადგება. მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს მიღებული მაქსიმალური ზომები იმისთვის, რომ არ მოხდეს ინციდენტები.

რაც შეეხება მოძალადე მომიტინგეებს, უნდა იყვნენ ძალიან ფრთხილად. თუ წინა შემთხვევაში იდენტიფიცირების მაჩვენებელი იყო დაახლოებით 3 პროცენტი, ახლა იდენტიფიცირების მაჩვენებელი იქნება ბევრად უფრო მაღალი. აქედან გამომდინარე, ყველას ვურჩევ, არ გააკეთონ ისეთი რამ, რის გამოც შეიძლება, მრავალი წლით მოხვდნენ ციხეში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჩვენი მთავარი საზრუნავი არის მოძალადე მომიტინგეების იდენტიფიცირება - ირაკლი კობახიძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები