რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-სა და ირანს შორის გამართულ მოლაპარაკებებს გამოეხმაურა. კრემლში იმედს გამოთქვამენ, რომ ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაჭრა მოხერხდება.
“გამოვთქვათ იმედს, რომ აშშ-ირანის მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდება და რეგიონში ვითარების დეესკალაციას შეუწყობს ხელს. მნიშვნელოვანია, რომ ამ დიპლომატიურმა მცდელობამ ხელშესახები შედეგი მოიტანოს”, - წერია განცხადებაში.
უწყების წარმომადგენელმა პროცესში ჩართულ მხარეებს, მათ შორის შუამავალ სახელმწიფოებს მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ, რათა დაძაბულობა შემცირდეს და დაპირისპირება რეგიონულ ომში არ გადაიზარდოს.
ირანის გეოპოლიტიკური მდგომარეობით რუსული მხარე განსაკუთრებითაა დაინტერესებული, რადგან უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში ქვეყანა სწორედ ირანულ სამხედრო დრონებს იყენებს.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ, სტივ უიტკოფსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის შორის არაპირისპირ მოლაპარაკებებს ომანის დედაქალაქმა, მუსკატმა პარასკევს, 6 თებერვალს უმასპინძლა ორი ქვეყნის დიპლომატიური დელეგაციები უშუალოდ ერთმანეთს არ შეხვედრიან, მათ შორის შუამავლის როლს ომანური მხარე თამაშობდა. კონფლიქტის დიპლომატიურად გადაწყვეტის მცდელობა პირველ ჯერზე კონკრეტული შედეგით არ დასრულებულა. როგორც ოფიციალურმა ვაშინგტონმა, ისე ოფიციალურმა თეირანმა დაადასტურა მზადყოფნა, რომ შეხვედრები გაგრძელდეს.
3 ძირითადი თემიდან, რომლებიც ბირთვული პროგრამის შეჩერებას, სარაკეტო არსენალის შემცირებასა და ირანის რეგიონული მოკავშირეებისთვის დახმარების შეწყვეტას ეხებოდა, დელეგაციებს შორის მსჯელობა მხოლოდ ერთზე მოხერხდა. ირანული მხარე კატეგორიულ უარს აცხადებს იმ ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერის შეწყვეტაზე, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში და ისრაელის გარშემო მოქმედებენ. საუბარია ჰამასზე, ჰეზბოლასა და ჰუსიტებზე. მსგავსი წინააღმდეგობაა არსენალის შემცირებასთან დაკავშირებითაც, რაც შეეხება ატომური იარაღის შექმნისთვის ურანის გამდიდრების საკითხს, ოფიციალური თეირანი მზადაა, პროცესი სრულად შეაჩეროს, თუ აშშ ქვეყანას მძიმე სანქციებს მოუხსნის.




























