მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ ხეირობს რუსეთი ირანის ომით?

პუტინი

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ამერიკა-ისრაელი-ირანის ომი მთელი მსოფლიოსთვის პრობლემას წარმოადგენს, თუმცა ერთი ქვეყნისთვის ეს უდიდეს შესაძლებლობას ქმნის, ეს ქვეყანა – რუსეთია.

იმის ფონზე, რომ დასავლეთი წლების განმავლობაში ცდილობს სანქციების გზით რუსეთის ეკონომიკურ იზოლაციას, ეს ფართომასშტაბიანი რეგიონული ომი ის კატალიზატორია, რომელიც კრემლს აძლევს საშუალებას, მინიმალური ძალისხმევით მაქსიმალური ფინანსური სარგებელი მიიღოს. ამ პროცესის უმთავრესი არტერია გლობალური ენერგობაზარია, სადაც ნებისმიერი არასტაბილურობა პირდაპირ აისახება რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებზე.

ენერგიის კვლევის ცენტრის ანგარიშის თანახმად, მხოლოდ ორკვირიანმა საომარმა მოქმედებებმა რუსეთს დამატებით 7 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანა. ნავთობის ფასების გლობალური ზრდა კი კრემლისთვის ყოველდღიურად დამატებით $600 მილიონის შემოსავალს ნიშნავს. ექსპერტების გათვლით, ეს ფინანსური ნაკადი საკმარისია იმ ბიუჯეტის დეფიციტის ამოსავსებად, რომელიც მოსკოვს ბოლო თვეების განმავლობაში დაუგროვდა.

ამასთან, გლობალური ენერგეტიკულ სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა მას შემდეგ, რაც ირანის ახალმა ლიდერმა ჰორმუზის სრუტის სრულად ჩაკეტვის პირობა დადო. ამ გადაწყვეტილებამ ნავთობის ფასი 100 დოლარამდე გაზარდა. ასეთ პირობებში კი, რუსული Urals-ის ფასი 90 დოლარს აღწევს, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 77%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ეს ნახტომი მოსკოვს აძლევს საშუალებას, ნავთობი ჩინეთსა და ინდოეთში გაცილებით მაღალ ფასად გაყიდოს, რაც ბიუჯეტის დეფიციტის შევსების საუკეთესო წყაროა. შედარებისთვის, ომის დაწყებამდე პერიოდში რუსეთს თავისი ნავთობის გაყიდვა თითქმის 3-ჯერ უფრო იაფად უწევდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი მოგების მარჟა ბარელ ნავთობზე დოლარზე ნაკლებიც იყო, თუმცა დღეს ვითარება არსებითად განსხვავებულია.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ გლობალური ენერგეტიკული კრიზისის თავიდან ასაცილებლად, დასავლეთი იძულებული გახდა პრაგმატულ, თუმცა მორალურად წინააღმდეგობრივ ნაბიჯებზე წასულიყო. კერძოდ, ამერიკის მთავრობამ ენერგეტიკული ბაზრების სტაბილიზაციის მიზნით, ზღვაზე წარმოდგენილი რუსული ნავთობის შესყიდვა დროებით დაუშვა. მსოფლიოს 30 სხვადასხვა წერტილში ტრანზიტში მყოფი დაახლოებით 124 მილიონი ბარელი რუსული ნავთობია გაჩერებული, რაც გლობალური მოხმარების 5-6 დღის მარაგს უდრის. აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი ამ გადაწყვეტილებას „ვიწროდ მიზნობრივ, მოკლევადიან ღონისძიებას“ უწოდებს, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური კოლაფსის თავიდან აცილებას, თუმცა, ამასთან ის რუსეთისთვის სამაშველო რგოლს წარმოადგენს.

გაზის სექტორშიც მსგავსი სურათია. როდესაც რეგიონული ომი საფრთხეს უქმნის ალტერნატიულ მარშრუტებს ხმელთაშუა ზღვაში, რუსული ენერგორესურსების მიმართ ინტერესი და ფასები იზრდება.

საბიუჯეტო თვალსაზრისით, ომით გამოწვეული ინფლაცია და ნედლეულზე გაზრდილი ფასები მოსკოვისთვის უსასყიდლო საჩუქარია. გაზრდილი საგადასახადო შემოსავლები ეროვნული კეთილდღეობის ფონდს ავსებს, რაც რუსეთის ხელისუფლებას არჩევანის თავისუფლებას და უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელების საშუალებას აძლევს.

რაც ყველაზე უარესია, მოსკოვს ეს მომენტი შეუძლია სათავისოდ გამოიყენოს და ენერგეტიკული შანტაჟის ახალი ტალღა წამოიწყოს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ჯერ კიდევ მოიხმარენ რუსულ რესურსებს. მიწოდების სანაცვლოდ, რუსეთს შეუძლია ამ ქვეყნებს სანქციების რეჟიმის შერბილება მოითხოვოს. ამ შემთხვევაში, კოზირი რუსეთის მხარესაა და პირობებსა თუ ფასებს ახლა სწორედ ის აწესებს.

ექსპერტების შეფასებით, ეკონომიკური ძალთა ბალანსი რუსეთისთვის ასეთი ხელსაყრელი უკრაინაში შეჭრის შემდეგ არ ყოფილა და დარწმუნებულები შეგვიძლია ვიყოთ, რომ კრემლი ახლა ყველა ბერკეტს გამოიყენებს პირობების გასაუმჯობესებლად. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, შესაძლოა, ენერგორესურსების ექსპორტზე დაწესებული სანქციების გაუქმება, ჩრდილოვანი ფლოტის განთავისუფლება ან სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიების შავი სიიდან ამოღება იყოს.

კრემლში აგრეთვე აქტიურად მსჯელობენ დასავლეთში გაყინული აქტივების უკან დაბრუნების სანაცვლოდ ენერგიის მიწოდების ინიციატივაზე, რაც ამ ეტაპზე ზედმეტად ამბიციურად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ თუ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი გაგრძელდება, მაშინ დასავლეთი იძულებული იქნება ის გააკეთოს, რასაც მოსკოვი მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ენერგეტიკული კრიზისი და რეცესია პრაქტიკულად გარდაუვალი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები