ენერგეტიკული ანალიტიკური ცენტრის, Ember-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის თანახმად, 2025 წელს კაცობრიობის ისტორიაში გარდამტეხი ეტაპი დადგა: სუფთა ენერგიის გენერაციამ ელექტროენერგიაზე გლობალურ მოთხოვნას გადააჭარბა.
გასულ წელს განახლებადი ენერგიის წარმოება 887 ტერავატ-საათით გაიზარდა, მაშინ როდესაც გლობალური მოთხოვნა 849 ტერავატ-საათით გაფართოვდა. ამ პროცესმა პირველად გამოიწვია წიაღისეული საწვავის მოხმარების კლება, რაც თანამედროვე ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენაა.
კვლევის თანახმად, მზის, ქარისა და ჰიდროენერგიის წილმა მსოფლიო ენერგეტიკულ მიქსში პირველად გადააჭარბა მესამედს და 10,730 ტერავატ-საათი შეადგინა.
მზის ენერგია 2025 წლის მთავარი მამოძრავებელი ძალა აღმოჩნდა და მისმა წლიურმა ზრდამ 30% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა და ინდოეთმა, რომლებიც ტრადიციულად წიაღისეულ საწვავზე იყვნენ დამოკიდებულნი, წელს პირველად შეამცირეს ნახშირისა და გაზის მოხმარება. ჩინეთი გლობალური მზის ენერგიის ზრდის ნახევარზე მეტზეა პასუხისმგებელი, ხოლო ინდოეთმა ჰიდროენერგიისა და ქარის გენერაციის რეკორდული მაჩვენებლები აჩვენა.
პარალელურად, ბატარეების შენახვის სისტემების ღირებულება გასულ წელს 45%-ით შემცირდა, რამაც მზის ენერგიის უფრო ეფექტური გამოყენება გახადა შესაძლებელი დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.
ცნობისთვის, Ember-მა ანგარიშის მოსამზადებლად 215 ქვეყნის მონაცემები გააანალიზა. დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ წიაღისეული საწვავის გენერაცია გასულ წელს 0.2%-ით შემცირდა, რაც მიმდინარე საუკუნეში ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ამ სექტორში ზრდა არ დაფიქსირებულა.




























