ორგანიზაცია „დაიცავი მთის კურორტების" დამფუძნებლის გეგა სალუქვაძის თქმით, გუდაურში უძრავი ქონების გაყიდვები და ფასი ზრდის ნაცვლად კლების ტენდენციას აფიქსირებს. მისი შეფასებით, ამის მიზეზი განაშენიანების გამო დაზიანებული გარემოა, რის გამოც უკმაყოფილო სტუმრების რაოდენობა და ნეგატიური შეფასებები ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა Booking.com და Airbnb, გაზრდილია. შესაბამისად უძრავი ქონებიდან მისაღები ამონაგები მცირდება.
გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას სალუქვაძემ განაცხადა, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, ეკონომიკის სამინისტროში განვითარების სააგენტოს შექმნის იდეა განიხილება.
„საქართველოში კურორტების მართვის რამდენიმე მოდელი არსებობს, კერძო სასტუმროები და შედარებით ახალი ფორმატი - აპარტოტელები. აპარტოტელებთან დაკავშირებულია ბევრი გამოწვევა, რადგან არ არსებობს მკაფიო რეგულაციები კორპუსების იერსახის შენარჩუნებისა და მართვის შესახებ. მართვის კულტურაც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.
ადგილობრივებმა შევქმენით კომუნა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კანონის საფუძველზე. ამ ფორმატში ადგილობრივები თავად მართავენ კორპუსებს და აწესებენ რეგულაციებს. ეს პირველი სეზონია, როდესაც ასეთი თვითმმართველობა ამოქმედდა, და პროცესი პოზიტიურად მიმდინარეობს, თუმცა პრობლემები, განსაკუთრებით შენობების ხარისხთან დაკავშირებით რჩება. ხშირად შენობები აშენებულია კლიმატური პირობების უგულებელყოფით, ამიტომ საჭიროა ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად სტანდარტების განსაზღვრა.
„გალტ & თაგარტის“ კვლევა მიუთითებს, რომ მთის კურორტებზე უძრავი ქონების გაყიდვები წელიწად-ნახევრის წინ შემცირებული იყო მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსისა და მოლოდინების გაუმართლებლობის გამო. გაიზარდა უკმაყოფილო სტუმრების რაოდენობა და ნეგატიური შეფასებები პლატფორმებზე, როგორიცაა Booking.com და Airbnb.
ჩემამდე მოაღწია ინფორმაციამ, რომ ეკონომიკის სამინისტროში განიხილება იდეა, გუდაურშიც შეიქმნას განვითარების სააგენტო, როგორც ბაკურიანშია, თუმცა ეს მცდარი გზაა. პრობლემა ხშირად არა კადრებში, არამედ სისტემაშია — მენეჯერებს არ აქვთ დამოუკიდებელი ბიუჯეტი და შესაბამისი უფლებამოსილება. საჭიროა ეფექტური, ერთიანი მართვის სისტემა, რომელიც კურორტს ერთიან სივრცედ განიხილავს, არა დაქუცმაცებულ ადმინისტრაციულ ერთეულებად.
უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობა. გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს ადგილობრივების გამოცდილების საფუძველზე, ზედაპირული „ზევიდან“ დაგეგმილი მოდელები შედეგს ვერ მოიტანს. ბაკურიანის მაგალითი გვიჩვენებს, რომ კადრები არსებობს, მაგრამ დამოუკიდებელი ბიუჯეტი და მართვის რეალური მმართველობა მათ არ აქვთ. ამიტომ საჭიროა განჭვრეტილი, კოორდინირებული, დამოუკიდებელი მართვის მოდელი, რომელიც კურორტს ერთიანად განაგებს.“ - მიიჩნევს სალუქვაძე.




























