მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლება, ინტერნეტის ფასები - რა გამოწვევები აქვთ ტექ-კომპანიებს საქართველოში Lineate-ის შეფასებით?

ლინეიტი

ამერიკული ტექ-კომპანია Lineate-ის რეგიონული დირექტორის შეფასებით, საქართველოში საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების შემოსვლისთვის პოზიტიური საკანონმდებლო ჩარჩოა შექმნილი. ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოს უპირატესობებსა და გამოწვევებზე გიორგი ციკოლიამ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ პანელური დისკუსიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისი შეფასებით, მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს პირობებში, ქვეყანაში რჩება გამოწვევები, რომლებიც გადაწყვეტას მათ შორის სახელმწიფოს ჩართულობით საჭიროებენ.

„საკანონმდებლო ჩარჩო დადებითი და პოზიტიურია. თუმცა ქვეყნის უფრო მეტი დიგიტალიზაციაა აუცილებელი, რასთან ერთადაც საგანმანათლებლო სექტორში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციაა ჩასადები, რათა ახალ თაობას უფრო მეტი საშუალება და გზა მივცეთ ტექ-სექტორისკენ. ამასთან, მგონია, რომ საქართველოში ბევრი კომპანია აღნიშნავს, რომ ინტერნეტის ფასი განსაკუთრებით კომპანიებისთვის ცოტა უფრო მაღალია, ვიდრე სხვაგან. ეს ის თემებია, რომელიც კონკურენციის კუთხით უნდა დარეგულირდეს.

საქართველოში ტექინდუსტრიაში ძალიან ბევრი ამერიკული კომპანიაა. წლების წინ ეს ასე არ იყო. ეს ის ხალხია, ვისაც არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის გარეთაც ქვეყანაში არსებული და საკუთარი მდგომარეობის განვითარება. ასევე მეორე კუთხით თუ ინდუსტრიაში არსებულ ზრდას შევხედავთ წლის ბოლოს მოლოდინი გვაქვს 1 მლრდ დოლარამდე ექსპორტი გვექნება, რაც ტურიზმის და ლოგისტიკის შემდეგ მესამე სექტორი ხდება. კარგია, როცა დიდი ზრდა არის და კიდევ უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობა გვექნება. ამ კომპანიებთან ერთად მთავრობას ამ კუთხით კიდევ უფრო მეტად გააქტიურება შეუძლია.

ჩვენს მაგალითზე გეტყვით, რომ გაზაფხულზე გამოვაცხადეთ კონკურსი შიდა საგანმანათლებლო პროცესში და წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებისგან 700 განაცხადი შემოვიდა, 25-მდე ახალგაზრდა შევარჩიეთ, რომლებმაც გაიარეს ეს კურსი და 6 ახალგაზრდა დავასაქმეთ. პირველივე დღიდან ისინი საერთაშორისო პროექტებში არიან დასაქმებულები. ჩვენს კლიენტებს არ ჰქონიათ კითხვა გამოცდილების გარეშე კადრებს რატომ ვსვამთ პროექტებში, პირიქით მათმა ცოდნამ შეგვიწყო ამაში ხელი. ამ პროგრამაში ინვესტირებას კიდევ ვგეგმავთ. ვფიქრობთ, ინდუსტრიის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია და ქვეყანაში ამ კუთხით ტალანტი არის“, - განაცხადა Lineate-ის რეგიონულმა დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, საერთაშორისო ტექ-კომპანიები ნოემბერში, პორტუგალიაში ფორუმზე მიემგზავრებიან, სადაც ყველაზე დიდი ვებსამიტი ტარდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ქართული კომპანიები არ ვართ, საქართველოს სტენდის ქვეშ ქვეყნის პრომოციას და უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვას შევეცდებით.

დღეს ბაზარზე არსებული რეგულაციები საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენს ინდუსტრიაში კომპანიებმა იმ შესანიშნავი კანონმდებლობით ისარგებლონ, რაც საერთაშორისო კომპანიების მიმართ არის. ცოტა მეტი ყურადღება განათლების მიმართულებით არის საჭირო“, - ამბობს გიორგი ციკოლია.

Lineate პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომელიც 4 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც არის წარმოდგენილი. ამერიკული კომპანიის საქართველოს რეგიონული ოფისი 2022 წელს დაარსდა. Lineate პირველი კომპანიაა, რომელიც სახელმწიფო სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმით - FDI გრანტით ისარგებლებს და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების შემდეგ კომპანია ინვესტირებული თანხის 15%-ს გრანტის სახით დაიბრუნებს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები