საქართველოში საგანმანათლებლო სისტემა სრულიად ახალი რეალობის წინაშე დადგა, რასაც განათლების რეფორმასთან ერთად ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაც განაპირობებს.
განათლების საკითხების სპეციალისტი ლიკა ღლონტი აცხადებს, რომ წელს სწავლის ფინანსური ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით სერიოზული გამოწვევა მათთვის იქნება, ვინც სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოხვედრას ვერ შეძლებს.
სპეციალისტის განმარტებით, კერძო სასწავლებლების მიერ ფასების კორექტირება მხოლოდ იმით არ არის გამოწვეული, რომ მათ სახელმწიფო გრანტებზე წვდომა შეეზღუდათ. ეს არის საერთო ეკონომიკური სიტუაციის გამოძახილი.
“სრულიად განსხვავებულ რეალობაში ვართ და არა მარტო განათლების რეფორმის გამო, არამედ მუდმივად გაუარესებადი ეკონომიკური სიტუაციის გამო. სწავლის ფინანსური ხელმისაწვდომობა მათთვის, ვინც ვერ მოხვდება სახელმწიფო უნივერსიტეტში, ძალიან სერიოზული საკითხი არის წელს განსაკუთრებით, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ ფასები როგორ იმატებს. ის, რომ კერძო სასწავლებლებმა გაზარდეს თავიანთი პროგრამების საფასური, მარტო იმით არ აიხსნება, რომ მათ სახელმწიფო გრანტებზე ხელი აღარ მიუწვდებათ, არამედ საერთო ამ ეკონომიკური სიტუაციის ერთ-ერთი გამოძახილიც არის. ასევე ხელმისაწვდომობაზე როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, უნდა გავითვალისწინოთ გეოგრაფიული ფაქტორიც, იმიტომ რომ მთელი რიგი ფაკულტეტების, მთელი რიგი პროგრამები ხელმისაწვდომია მხოლოდ თბილისში და ქუთაისში. ანუ ის სტუდენტები, რომლებიც ადრე აბარებდნენ თელავში, ახალციხეში, გორში ან ზუგდიდში გარკვეულ პროგრამებზე, ახლა იძულებულები იქნებიან გადავიდნენ თბილისში ან ქუთაისში და მე არ ვიცი რამდენ მათგანს ექნება ამის საშუალება, ასევე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.
საკმაოდ მოკრძალებულად იზრდება ეს გადასახადი, ხომ? ახლა მე არანაირად არავის ადვოკატირებას არ ვაპირებ, მაგრამ 2250 ლარი თუ იყო აქამდე ახლა გაიზარდა სადღაც 300-400 ლარით წელიწადში. 2700 გახდა, 3000, 3200. ანუ ობიექტურად რომ შევხედოთ, ეს კატასტროფული მატება არ არის.
მეორე მხრივ, მე თუ ვარ ხელმოკლე ოჯახიდან, ჩემთვის, როგორც აბიტურიენტისთვის, ეს არის სერიოზული მატება. ანუ უნივერსიტეტს უწევს, რომ ეს საფასური გაზარდოს, იმიტომ რომ თავისი ფინანსური ზარალი დააკომპენსიროს და უზრუნველყოს ნორმალური, კარგი პროფესორების შენარჩუნება სასწავლო პროცესში.
ასევე მოდით ნუ დაგვავიწყდება ის, რომ მთელმა რიგმა უნივერსიტეტებმა პირიქით სასტიპენდიო პროგრამები შემოიღეს. ანუ კომპენსირება ხდება იმის ხარჯზეც, რომ საერთოდ არ დაკარგონ სტუდენტების გარკვეული მასა და ხდება სასტიპენდიო პროგრამების შეთავაზება, უფასო განათლება გარკვეულ ფაკულტეტებზე და ასე შემდეგ.
მეორე, ნაკლებად სასიამოვნო ფაქტორი არის ის, რომ ნაწილი კერძო უმაღლესებისა ამცირებს ქართველი სტუდენტების კვოტას და ზრდის უცხოელების კვოტას სწორედ იმის გამო, რომ მათ ხარჯზე ფინანსური მდგრადობა უზრუნველყოს.
მე ვთვლი, რომ ეს პირველი წელი მართლა ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ თვითონაც ეს უნივერსიტეტები შეხედავენ, რომელი სქემა უფრო კარგად მუშაობს. სიმართლე გითხრათ ძალიან დიდი რისკი არის ამაში, ამ ჩვენი ასე ვთქვათ ხელისუფლების ტვინში კიდევ რეფორმის რომელი ტალღა მოდუღდება. შეიძლება დადგეს დღე და შეიძლება შეწყვიტონ უცხოელების მიღება, არ გამიკვირდება ესეც. ამიტომ გათვლის გაკეთება იმაზე, რომ მოდი ქართველების კვოტას შევამცირებ და გავზრდი უცხოელების კვოტას, ასევე რისკის შემცველია, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით გრძელვადიან პერსპექტივაში შევინარჩუნებთ თუ არა უცხოელი სტუდენტების მიღების საშუალებას,”-ამბობს განათლების საკითხების სპეციალისტი ლიკა ღლონტი.




























