საგანმანათლებლო ორგანიზაცია „ტექდროს“ დამფუძნებლის, კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორ ნანა დიხამინჯიას აზრით, განათლების სისტემაში ძირეულ რეფორმებს სჭირდება არაპარტიული გუნდი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და მინიმუმ 10-წლიანი სტრატეგია, რომელსაც ქვეყანა იმის მიუხედავად განახორციელებს, ვინ იქნება ხელისუფლებაში.
„სხვაგვარად, გამართულ სისტემას ვერასდროს ავაშენებთ, თანამედროვე განათლება კი მხოლოდ სისტემური მიდგომით შენდება, ყველა სხვა მცდელობა ფუჭია“, - დაწერა ნანა დიხამინჯიამ Facebook-ის პირად გვერდზე, სადაც არჩევნებამდე ერთი თვით ადრე განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი ამილახვრის თანამდებობიდან წასვლას გამოეხმაურა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში საგანმანათლებლო ორგანიზაცია „ტექდროს“ დამფუძნებელმა საქართველოს განათლების სისტემის მთავარ გამოწვევებსა და გამოსავლის გზებზეც ისაუბრა.
"მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ არასდროს, არცერთი მინისტრის მუშაობა არ იქნა განხილული მისი წასვლის შემდეგ. მხოლოდ ზეპირსიტყვიერებით და ჭორების დონეზე ვიცით, რომელმა რა გააკეთა და რომელმა რა გააფუჭა. შესაბამისად, ყოველ ახალ მინისტრს ჰგონია, რომ რაიმე პატარა ქალაქის მერადაა მოსული, და არა ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელად, არც რამე სპეციფიკური ცოდნა სჭირდება, არც მაღალპროფესიონალური გუნდი და მხოლოდ კეთილი სურვილებია საკმარისი, რომ ამხელა მანქანის ხარვეზები გამოასწორო და სწორი გზისკენ მიმართო“, - დაწერა მან.
საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლის მიერ Facebook-პოსტში დასმული აქცენტები იყო BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუს მთავარი თემა.
რატომ არ ხდება თანამდებობიდან მინისტრების წასვლის შემდეგ მათი საქმიანობის განხილვა და შეფასება - არაა განათლება პრიორიტეტი თუ გამიზნული პოლიტიკაა? - ჰკითხა გადაცემის წამყვანმა პროფესორს.
„ჩემი აზრით, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, მათი მმართველობის სადღაც შუაში დაიწყო ეს {მიდგომა}, როცა უკვე მიხვდნენ, რომ თავისუფალი განათლების სისტემის მართვა რთულია. ამ ხელისუფლებამ კი განათლებაზე კონტროლი გააღრმავა, რადგან ერთი მხრივ, ხვდება, რომ თუ მართლა ძირეულ რეფორმებს განახორციელებ განათლების სფეროში, რაც ისედაც რთულია და ძალიან მაღალკვალიფიციური გუნდი უნდა მოიყვანო ამისთვის და არა ის, ვინც შენს მითითებებს ემორჩილება და მეორე მხრივ, სისტემის რეფორმირება ნიშნავს იმას, რომ განათლების სფეროს ვერ დაიმორჩილებ - რეფორმა გულისხმობს როგორც სკოლების, ისე უნივერსიტეტების თუ პროფესიული კოლეჯების თავისუფლებას.
ტოტალიტარულ ხელისუფლებას კი ყოველთვის სჭირდება არა განათლების სისტემის რეფორმა, არამედ მორჩილი სისტემა, რადგან განათლების სფერო მოიცავს ნახევარ ქვეყანას - 60 000-მდე მასწავლებელი, მოსწავლეები და მათი მშობლები, უნივერსიტეტები, სტუდენტები და ა.შ. ამიტომაც განათლების სისტემაში სჭირდებათ მორჩილი ადამიანები და არა - რეფორმები. 12 წელია ვუყურებთ როგორ თამაშობენ განათლების სისტემაში“, - თქვა ნანა დიხამინჯიამ „წერტილთან“ ინტერვიუში.
პროფესორის აზრით, ყველა რეფორმა უნდა ეყრდნობოდეს მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევებს.
„ისევე როგორც ნებისმიერ საკითხში, განათლების სისტემის შენება შეიძლება მხოლოდ სხვა ქვეყნების გამოცდილების ანალიზზე დაყრდნობით, ვინაიდან ჯერ არანაირად არ გვაქვს მათემატიკური მოდელირების ისეთი კომპლექსური აპარატი, რომელიც თითოეული რეფორმის შედეგს შეგვიფასებდა მცირე ცდომილებით.... აი, ახლა თქვენ მითხარით, ბოლო 12 წელიწადში განხორციელებული ცვლილებები (თან წაღმა-უკუღმა, რადგან ყოველი მეორე მინისტრი წინას ნამუშევარს თაროზე დებდა და საკუთარ ინიციატივებს იწყებდა) რომელი ქვეყნის გამოცდილებას და შესაბამის კვლევებს ეყრდნობოდა? ან თუნდაც ის მითხარით, ბოლო მინისტრი რეფორმებით რომ იწონებს თავს და დირექტორთა ქორო დითირამბებს უმღერის, რომელს შეიძლება რეფორმა ეწოდოს?!“, - დაწერა ნანა დიხამინჯიამ Facebook-პოსტში.
ცნობისთვის: ამჟამად, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოვალეობას, მინისტრის მოადგილე გელა გელაძე ასრულებს. ამის შესახებ BM.GE-ის უწყებაში განუცხადეს. განათლების მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გიორგი ამილახვარი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. მისი განმარტებით, საჯარო სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება პრემიერთან და გუნდთან ერთად მიიღო და კერძო სექტორში ბრუნდება, თუმცა „რჩები პოლიტიკური გუნდის რიგით ჯარისკაცად“.