საგანმანათლებლო ორგანიზაცია „ტექდროს“ დამფუძნებელი, კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი ნანა დიხამინჯია, რომელიც აშშ-ში, კალიფორნიაში, სილიკონის ველზე საქმიანობს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლად დარეგისტრირდა.
ის კამპანია "ჩემი ხმა ევროკავშირს" უერთდება.
„მეც ჩამოვდივარ საქართველოში დამკვირვებლად“ - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში.
ნანა დიხამინჯია, რომელიც „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებშიც მონაწილეობდა, იმედოვნებს, რომ ქართველი ხალხი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
"დღეს რუსეთთან შეერთების პირდაპირი საფრთხის ქვეშ ვდგავართ... ახლა ქართველმა ხალხმა სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რადგან ვუყურებთ როგორ ემხრობა ეს მთავრობა რუსეთს და როგორ გვაცილებს ევროპას და ამერიკას, რომელიც ჩვენი ერთადერთი და მთავარი დაცვაა, ამიტომაც გადავწყვიტე დამკვირვებლად ყოფნა.
ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ ქცევა ბელადომანიაშია გადაზრდილი და აპირებენ მასიურად გააყალბონ არჩევნები. ამის ნიშნებს ვხედავთ და ყველამ უნდა დავიცვათ ხმები. ვინც დამკვირვებლად არ რეგისტრირდება საარჩევნო უბნებზე, თავის უბნებში გარეთ მაინც უნდა დადგნენ, რათა ფსიქოლოგიური ზეწოლისგან დაიცვან მეზობლები, ახლობლები... ახლა ყველამ ერთდა დავიცვათ არჩევნები, რათა ქვეყანა გადარჩეს“, - განაცხადა ნანა დიხამინჯიამ.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს ბელადომანიას და „შინაგანი კონფორმიზმს“ უნდა დავუსვათ წერტილი.
„ამ წელს უნდა დავასრულოთ ბელადომანია და ერთმანეთის მორიდების გამო ტყუილები, რაც შემდეგ ეხმარება ნებისმიერ დიქტატურას, ოლიგარქიას თუ კორუფციას რომ გაიზარდოს და გაძლიერდეს. უნდა დავასრულოთ ჩვენი შინაგანი ნეპოტიზმი, რომლის გამოც ვიღაცას რომ არ ვაწყენინოთ, მეზობელი იქნება თუ კოლეგა, სიმართლეზე თვალს ვხუჭავთ და არ გამოვთქვამთ საკუთარ აზრს. ვფიქრობ, ეს უნდა დავასრულოთ“, - ამბობს ნანა დიხამინჯია.