მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ რჩება "ოცნებისთვის" სანქციების დაწესება ევროპელი ლიდერების მაგიდაზე? - ინტერვიუ თორნიკე გორდაძესთან

თორნიკე გორდაძე

შეიძლება, ამ ეტაპზე უკრაინის თემა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის და ამიტომ არ მიდის ვიქტორ ორბანის მიმართ ხელების გადაგრეხა, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს მომენტიც დადგება... ვისურვებდი, ეს მომენტი მალე დადგეს“ - ეს ვარაუდი და მოლოდინი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა თორნიკე გორდაძემ BMGTV-ის გადაცემა წერტილში“ წამყვანის იმ კითხვის პასუხად გამოთქვა, რომელიც EU-ის მხრიდან ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას შეეხებოდა.

"EU-ის ქვეყნების წარმომადგენლებთან კომუნიკაციისას, ხშირად ვამბობ, რომ თუკი უკრაინის შემთხვევაში ამის გაკეთება შეიძლება, რატომ არ აკეთებთ ამას საქართველოსთან მიმართებით?!“ - თქვა ინტერვიუში თორნიკე გორდაძემ, რომელიც პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორია, ასევე, ჟაკ დელორის ინსტიტუტის მკვლევარია და საფრანგეთში საქმიანობს.

ყოფილი მინისტრი, რომელიც EU-თან ასოცირების ხელშეკრულებაზე მთავარი მომლაპარაკებელი პირი იყო, არ გამორიცხავს, რომ საქართველომ უვიზო რეჟიმი დაკარგოს.

ძალიან დიდი შანსია, რომ თუ საქართველოს მხრიდან არაკონსტრუქციული მოქმედებები გაგრძელდა და, ჯერჯერობით, მხოლოდ ამას ვხედავთ, ეს სამწუხარო რეალობა დადგეს“, - თქვა მან და იქვე დასძინა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობას აქვს შესაძლებლობა, უვიზოს გაუქმება შეაჩეროს, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ მმართველ ძალას ამის მოტივაცია არ აქვს.

„შთაბეჭდილება მრჩება, ისინი მოსახლეობას აგუებენ, რომ ეს მოხდება და არ იქნება მათი ბრალი; არამედ ეს იქნება ევროპელების ბრალი, რადგან გვსჯიან, იმიტომ, რომ ვართ სუვერენული სახელმწიფო, რაც სისულელეა“, - განაცხადა თორნიკე გორდაძემ BMG-თან ინტერვიუში, სადაც კითხვები ინდივიდუალურ სანქციების დაწესების შანსებზეც დავუსვით.

ინტერვიუ თორნიკე გორდაძესთან

- პერიოდულად გვესმის ევროპელი ლიდერებისგან, რომ "მაგიდაზე დევს სანქციებიც"... 15 ივლისსაც, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, როგორც მოსალოდნელი იყო, ინდივიდუალური სანქციების საკითხი ვერ შეათანხმეს... მაქსიმუმს აკეთებს EU საქართველოსთვის თუ - არა, რადგან არ ვართ ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც უკრაინა?

- უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმისგან განსხვავებით, ინდივიდუალური სანქციების დაწესებისთვის აუცილებელია ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობა; ვიცით, რომ ინდივიდუალურ სანქციებს ბლოკავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელმაც გუშინწინ გამოაცხადა, რომ კიდევ ახალი ნავთობსადენი უნდა გააკეთოს რუსეთთან, რაც ევროკავშირის პოლიტიკის სრულიად საწინააღმდეგო ნაბიჯია. მოკლედ, ვიქტორ ორბანის და სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოს აქტიურობით ვერ ხერხდება, ევროკავშირის 27 ქვეყნის მიერ პერსონალური სანქციების მიღება. სხვადასხვა ქვეყნები კი, ამ სანქციებს ინდივიდუალურად უწესებენ [ქართულ ოცნებას].

- მოცემულობა გასაგებია, მაგრამ რატომ არ შეიძლება, გერმანია და საფრანგეთი უფრო აქტიურები იყვნენ?

- ... იგივე უკრაინის საკითხზე უნგრეთის ვეტო რამდენჯერმე დაძლია [ევროკავშირმა], რადგან პრინციპულად დააყენეს ეს საკითხი. შეიძლება, ამ ეტაპზე უკრაინის თემა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის და ამიტომ არ მიდის ხელების გადაგრეხა ვიქტორ ორბანის მიმართ, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს მომენტიც დადგება. ვისურვებდი, რომ ეს მომენტი მალე დადგეს; მე თვითონ, ხშირად ჩემს კომუნიკაციაში ევროკავშირის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ვამბობ, რომ თუკი უკრაინის შემთხვევაში ამის გაკეთება შეიძლება, რატომ არ აკეთებთ ამას საქართველოსთან მიმართებით?

- რას გპასუხობენ?

- უკრაინაში დღეს არის ომი და იქ წყდება ევროკავშირის უსაფრთხოების მომავალი...

- საქართველო კი, არაა ისეთი მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომ გამონაკლისად ღირდეს?

- მნიშვნელოვანი ერთია და მეორე - ყოველთვის უფრო მარტივია დაიცვა ქვეყანა რუსეთის ექსპანსიისგან, როცა [ამის სურვილი ხელისუფლებისგან მოდის]; იგივე უკრაინის და მოლდოვის შემთხვევა რომ განვიხილოთ - მოლდოვაში თავად ხელისუფლება თანამშრომლობს ევროკავშირთან და სთხოვს დახმარებას და ბევრად უფრო მარტივია ევროკავშირისთვის, რომ დაეხმაროს, რათა მოლდოვა რუსეთის კლანჭებში არ აღმოჩნდეს. საქართველოს შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება, რომელიც რეალურად, სიტუაციას აკონტროლებს ქვეყანაში, ყველანაირად ეწინააღმდეგება ევროკავშირს და ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავთ; ანუ ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებით დასჭირდება ბევრად უფრო მეტი ძალისხმევა, რომ ეს სიტუაცია შემოაბრუნოს, ვიდრე მოლდოვასა და უკრაინაში, რადგან იქ მთავრობა და მოსახლეობა [ითხოვს მხარდაჭერას]. დიახ, მე მესმის, რომ შეიძლება, ევროკავშირისთვის უფრო კრიტიკულია დღეს უკრაინის გამარჯვება, ვიდრე - საქართველოს [თემა].. მაგალითად, მე რამდენიმე სტატია გამოვაქვეყნე, სადაც ვეუბნებოდი, რომ საქართველო და მოლდოვა უფრო პატარა ქვეყნებია და მატერიალურად და ფინანსურად არ დაგჭირდებათ იმდენი ძალისხმევა, რაც - უკრაინაში, რომლის დასახმარებლად მილიარდებს ხარჯავთ მაგრამ დღეს იქ არის ევროკავშირის ეგზისტენციალური პრობლემა. უკრაინა თუ დაეცა და რუსეთმა გადაყლაპა, ეს ევროკავშირისთვის ეგზისტენციალური დარტყმა იქნება. რა თქმა უნდა, საქართველო მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკურად, სატრანზიტო დერეფნის კონტექსტში, მაგრამ უკრაინასთან შედარებით, არაა ისეთი მნიშვნელოვანი; თუმცა არავის ეგონოს, რომ საქართველოში რაც ხდება, იმ პროცესებს ევროპაში არ აკვირდებიან - ვხედავთ, ევროპარლამენტმა რამდენი რეზოლუცია მიიღო, რაც შეიძლება სავალდებულო არაა, მაგრამ რაც უფრო მეტი რეზოლუცია იქნება მიღებული ევროპარლამენტის მიერ, უფრო მეტად იძულებული იქნება ევროკომისია და ევროკავშირის საბჭო, მათ გაუწიოს ანგარიში. კიდევ ერთს დავამატებ - უკრაინის გამარჯვება და არდამარცხება ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გეოპოლიტიკური ფაქტორები ძალიან ბევრ რამეს წყვეტს. სწორედ გეოპოლიტიკური ფაქტორის გამო, მიანიჭეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი...

- საქართველოს მოქალაქეებს და ოპოზიციას კიდევ რისი გაკეთება შეუძლიათ, რომ შეაკავონ „ქართული ოცნება“, რათა არ დავკარგოთ ევროპული პერსპექტივა... თან წელს თვითმმართველობის არჩევნებია და როგორც ცნობილია, პროდასავლურმა ოპოზიციამ ერთიანობა ვერ მოახერხა - „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ არჩევნებში მონაწილეობს...

- პირველ რიგში, აუცილებელია ერთიანობის დემონსტრირება ევროპელებისთვის... თუკი საქართველოში ერთიანობა არ ჩანს ოპოზიციურ სპექტრში და გარკვეული პარტიები მონაწილეობენ არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად იციან, მოგების არანაირი შანსი არ აქვთ, ეს არის ძალიან ცუდი გზავნილი ევროპელებისთვის. საქართველოს ხელისუფლებას, ისევე როგორც ყველა ავტორიტარულ ხელისუფლებას არჩევნების ორგანიზება ძალიან უხარია და უყვარს, რადგან მათ არანაირი შანსი არ დაუტოვეს ოპოზიციას, რომ არჩევნები იყოს დემოკრატიული და პოტენციურად ძალაუფლება დაკარგონ. ამდენად, არჩევნების ორგანიზება ისეთ კონტექსტში, როგორიც დღეს საქართველოშია, ემსახურება მხოლოდ არსებული ხელისუფლების გაძლიერებას, მათი ლეგიტიმაციის გაძლიერებას და იმის დემონსტრირებას საერთაშორისო სცენასა და ქვეყნის შიგნით, რომ ისინი არიან ძლიერები, აკონტროლებენ სიტუაციას. [ასეთ არჩევნებში მონაწილეობა] ერთიანობას არღვევს და დასავლეთის მიმართ გზავნილს ბუნდოვანს ხდის. მეორე მხრივ, აღსანიშნავია ისიც, რომ პასიური ბოიკოტიც არაა საკმარისი. ახლა არ ვარ საქართველოში, [თორნიკე გორდაძე პარიზში საქმიანობს], მაგრამ ვერ ვხედავ, რომ ის პარტიებიც კი, ვინც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, მუშაობდნენ და მოსახლეობას არწმუნებდნენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არის საზიანო; 4 ოქტომბრამდე უნდა მოხდეს მოსახლეობის მობილიზაცია მაქსიმალურად, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ მოქალაქეებმა, რადგან რაოდენობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს - ამომრჩევლების 20% მიიღებს მონაწილეობას თუ 50%. გარდა ამისა, ესეც არ იქნება საკმარისი, თუკი არ გვაქვს მოფიქრებული სტრატეგია, რას ვაკეთებთ 4 ოქტომბრის შემდეგ ანუ თვითმმართველობის არჩევნების მომდევნო დღიდან; თუკი მოხერხდა და ადამიანებმა გააცნობიერეს, რატომ არის ცუდი ამ არჩევნებში მონაწილეობა, არჩევნების შემდეგი დღიდან სხვა სტრატეგია უნდა იყოს, რომელიც არ ვიცი, ოპოზიციას აქვს თუ არა შემუშავებული...

- თორნიკე, თქვენი პროგნოზით, რა მოხდება 31 აგვისტოს შემდეგ - საქართველოს უვიზო რეჟიმი შეუჩერდება?

- თუ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები გაგრძელდა, უკვე ეჭვი მიჩნდება, რომ მათ ეს [უვიზო რეჟიმის შეჩერება] უნდათ კიდეც, რადგან სავსებით შესაძლებელია, თუკი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა გაუქმდა, მათ უკვე აღარაფერი შეაჩერებთ. ისინი ჩათვლიან, რომ EU-ს არანაირი ბერკეტი არ ექნება და ესეც თუ გადააგორეს და ხალხის ვნებათაღელვა და დიდი გულისწყრომა ამან არ გამოიწვია, [ოცნება] სრულიად გათავისუფლდება ყველანაირი წნეხისგან, რომელიც შეიძლება დასავლეთიდან შემოვიდეს. ამდენად შეიძლება, მათ აწყობდეთ კიდეც [უვიზოს შეჩერება], რომ ბოლომდე გაატარონ რუსეთის კურსი ამ ქვეყანაში. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი, რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკურ თამაშს თამაშობს თავის რამდენიმე დაფაზე და ის კარგავს უკრაინას, ის კარგავს სომხეთს და აზერბაიჯანს ჩვენ რეგიონში, რუსეთის წნეხი საქართველოზე კიდევ უფრო გაიზრდება. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება უფრო და უფრო ღრმად ეფლობა რუსეთის თამაშში და შეიძლება, სავსებითაც აწყობდეთ [ევროკავშირთან უვიზოს შეჩერება]...

- მაშინ იმედი ვიქონიოთ, ევროკავშირი საქართველოს ხელს არ გაუშვებს...

- საქართველოს მოქალაქეებმა ყველანაირად უნდა აჩვენონ, რომ ისინი ამ პროცესებს პასიურად არ უყურებენ; პროტესტი, რომელიც გრძელდება, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ეს არის ის არგუმენტი, რაც აჩვენებს ევროპას, რომ ხალხი არ ეთანხმება [ოცნების ხელისუფლებას]. შეიძლება, იმ მასშტაბის აქციები არაა, რაც - ზამთარში, მაგრამ პროტესტი რომ გრძელდება და იმედი მაქვს, შემოდგომიდან კიდევ უფრო გაგრძელდება და გაძლიერდება, ეს იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ეგუება არსებულ სიტუაციას. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს ერთიანობის მნიშვნელობა; ბუნდოვანება და ერთმანეთის კრიტიკით ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა ძალიან ცუდია...

- წერტილი რას უნდა დავუსვათ საქართველოში?

- წერტილი უნდა დაესვას დაქსაქსულობას და დაყოფას იმ სპექტრში, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს რუსეთისთვის გადაბარებას და მეორე - შეგვიძლია, იმედი გვქონდეს, რომ წერტილი დაესმება ომს უკრაინაში და გეოპოლიტიკურად დასავლეთი გამოვა გამარჯვებული - ეს ჩვენზეც აუცილებლად იქონიებს გავლენას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები