ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოსთან ურთიერთობებში ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობასაც.
„განვიხილავთ საქართველოს საკითხს. ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას საქართველოში. ჩვენ განვიხილავთ კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია. მაგიდაზე ყველა ვარიანტია, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა და სხვა ელემენტები, რამაც, შესაძლოა, საქართველოს მთავრობა აიძულოს, გათვლები შეცვალოს,“ – განაცხადა კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.
კალასის თქმით, ევროკავშირის პარტნიორობის პირობებში საქართველომ არჩევანი უნდა გააკეთოს, რომელ გზას ადგას – დასავლურს თუ სხვას.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პოლიტიკური პროცესებისა და ევროპულ კურსზე არსებული საფრთხეების საკითხს დღეს განიხილავენ.




























