მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი ადასტურებს, რომ EQAR-მა რეგისტრაცია შეუჩერა

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR), 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე, რეგისტრაცია შეუჩერა.

განმარტება ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც განათლების ექსპერტებმა განაცხადეს, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა EQAR-ის და ENQA-ს წევრობას კარგავს.

ცენტრში აცხადებენ, რომ ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია და შესაბამისად, იმედოვნებენ, EQAR-ის გადაწყვეტილება დროებითია.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, გაასაჩივრებენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში იმასაც აცხადებენ, რომ ENQA-ს წევრობა და EQAR-ში რეგისტრაცია არ არის დაკავშირებული საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარებასთან.

BM.GE განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ENQA-ს და EQAR-ის წევრობის სტატუსის თაობაზე.

მოგეხსენებათ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი არის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) სრული წევრი და ასევე დარეგისტრირებულია უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR).

ENQA-ს და EQAR-ის წევრობის სტატუსის განახლების მიზნით, საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტი თბილისში განხორციელდა 2023 წლის ოქტომბრის თვეში. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის მიხედვით (დოკუმენტი საჯაროდ არის ხელმისაწვდომი, როგორც ENQA-ს, ასევე ცენტრის ვებგვერდზე).

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG 2015) სრულად შესაბამისად შეფასდა 11 სტანდარტში, ხოლო ნაწილობრივ შესაბამისად შეფასდა 2 სტანდარტში.

ENQA-ს ექსპერტთა დასკვნის მიხედვით, ცენტრი არცერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასებულა როგორც მოთხოვნებთან შეუსაბამო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 5 სტანდარტის შესრულებასთან დაკავშირებით დაუდგინდა საუკეთესო პრაქტიკა.

ENQA-ს ექსპერტების დასკვნის მიღების შემდგომ, ცენტრმა რეგისტრაციის განახლების მიზნით მიმართა EQAR-ს, რომლის გადაწყვეტილებაც ცენტრს ამ ეტაპზე არ ჩაჰბარებია. თუმცა, წინასწარი, არაოფიციალური მონაცემებით, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR), 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება ცენტრისთვის რეგისტრაციის შეჩერების თაობაზე.

აქვე განვმარტავთ, რომ აღნიშნული ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია და ჩვენ მიერ წინსწრებით კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელებულია. შესაბამისად, ვიმედოვნებთ რომ EQAR-ის გადაწყვეტილება დროებითია.

ამასთან, დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი გაასაჩივრებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რადგან კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ რომ ყველა ის ძირითადი ხარვეზი, რაზეც შესაძლოა კითხვები ჰქონდეთ EQAR-ის კომიტეტის წევრებს უკვე აღმოფხვრილი და გამოსწორებულია.

დამატებით, გაცნობებთ, რომ ENQA-ს წევრობა და EQAR-ში რეგისტრაცია არ არის დაკავშირებული საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარებასთან. აღნიშნული ორგანიზაციების წევრობის მოპოვებამდეც, 2019 წლამდეც საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარება ყოველგვარი შეფერხების გარეშე ხდებოდა, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ასევე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

რაც შეეხება სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ ცენტრის აღიარებას, იგი არანაირად არ უკავშირდება ENQA-ს წევრობას ან EQAR-ში რეგისტრაციას, რადგან ცენტრმა WFME-ის აღიარება მოიპოვა 2018 წელს, ხოლო ENQA-ს სრული წევრის სტატუსი და EQAR-ში რეგისტრაცია განხორციელდა 2019 წელს.

ამასთან, WFME-ის აღიარების მქონე სააგენტოების დიდი ნაწილი არ წარმოადგენს არც ENQA-ს წევრ ორგანიზაციას და არც EQAR-ში არ არიან რეგისტრირებულნი",- წერია განცხადებაში.

რა ხარვეზი გამოავლინა ENQA-მ 2023 წელს?

აღსანიშნავია, რომ ENQA-ს მიერ 2023 წელს მომზადებულ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გარე შეფასებაში მისი ორგანიზაციული დამოუკიდებლობის გამოწვევად დასახელებულია ცენტრის დირექტორის დანიშვნა განათლების მინისტრის მოადგილედ. საუბარია თამარ მახარაშვილზე, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცენტრის დირექტორიც იყო და მინისტრის მოადგილეც, რაშიც ექსპერტთა ჯგუფმა ინტერესთან კონფლიქტის პოტენციალი დაინახა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ცენტრის დირექტორს ან მმართველობაში მყოფ პირს არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური როლი მთავრობაში. გარდა ამისა, უნდა არსებობდეს მკაფიო პროცედურები, რომ ასეთი პრაქტიკა, რომელიც საფრთხეს უქმნის სააგენტოს დამოუკიდებლობას, მომავალში თავიდან იქნეს არიდებული.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს თამარ მახარაშვილი უკვე აღარ ხელმძღვანელობს. ამჟამად, ცენტრს დირექტორი არ ჰყავს, დირექტორის მოვალეობას კი ლაშა მარგიშვილი ასრულებს.

თავის მხრივ, თამარ მახარაშვილი განათლების მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებს.

"საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა EQAR-ის და ENQA-ს წევრობას კარგავს" - რას ნიშნავს ეს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები