"ოცნების" მთავრობის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
წულაძემ მადლობა გადაუხადა სამინისტროს თანამშრომლებს, სამთავრობო გუნდს და ირაკლი კობახიძეს თანამშრომლობისთვის.
"დღეს, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, ვტოვებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობას.მინისტრობის პერიოდში, სამინისტროს თანამშრომლებთან, ერთად განათლების ყველა საფეხურის ხარისხის ზრდის მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა განვახორციელეთ, მათ შორის, არაერთ ნოვატორულ პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, რომელთა ბოლომდე მიყვანას მჯერა, რომ ახალი მინისტრი უზრუნველყოფს. მადლობა მსურს, გადავუხადო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან განათლების სისტემის განვითარებას და ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას. მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჩემს კოლეგებს და სამთავრობო გუნდს, ვისთან ერთადაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთების შესაძლებლობა მქონდა" , - დაწერა წულაძემ.
წულაძემ პოსტზე გიორგი ამილახვარი შეცვალა და პოსტზე 2024 წლის 2 ოქტომბერს დაინიშნა.
განათლების ყოფილი მინისტრის სამუშაო გამოცდილება ასეთია:
- 2023/12 – 2024/08 – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე;
- 2019-2023 – საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე;
- 2017-2019 – იურიდიული კომპანია CLL Law Firm-ის მმართველი პარტნიორი;
- 2017-2019 – თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი;
- 2015-2017 – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი;
- 2012-2015 – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსი;
- 2011-2012 – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მრჩეველი;
- 2010 – 2011 - თბილისის საქალაქო სასამართლო, ადმინისტრაციული ბიუროს უფროსი;
- 2007-2009 – იურიდიული კომპანიის იურისტი;
- 2005-2006 – სტაჟიორი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.
განათლების სისტემასთან პირველი კავშირი იურისტ ალექსანდრე წულაძეს 2023 წელს ჰქონდა, როცა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.




























