იტალიის ელჩი მასიმილიანო დ'ანტუონო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვარს შეხვდა. მხარეებმა განათლების სფეროში იტალიასა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და სამომავლო ერთობლივი პროექტები განიხილეს.
იტალიის საელჩოს ცნობით, ქართული და იტალიური უწყებების ნაყოფიერი თანამშრომლობის წყალობით, ამჟამად იტალიურ ენას საქართველოს 60 საჯარო და კერძო სკოლის 8000-ზე მეტი მოსწავლე ეუფლება. გარდა ამისა, მასწავლებელთა საგამოცდო სქემაში იტალიური ენის საგნობრივი გამოცდაც დაემატა.
გარდა ამისა, იტალიის ელჩმა და გიორგი ამილახვარმა შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში იტალიური ენის სწავლების გაძლიერების გზებზე, ასევე, სასტიპენდიო პროგრამებზე, რომლებიც შესაძლებლობას აძლევს ქართველ სტუდენტებს სწავლა იტალიის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელონ.