მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SOCAR-მა Italiana Petroli-ს ქსელში საწვავის ფასების ზედა ზღვრის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო

SOCAR

აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია SOCAR-მა იტალიის ბაზარზე მისი შვილობილი კომპანიის, Italiana Petroli-ს (IP) მიერ გაყიდულ ბენზინსა და დიზელზე ფასების ზედა ზღვრის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო - ამის შესახებ კომპანიის განცხადებაში არის აღნიშნული.

SOCAR-მა Italiana Petroli-ს API Holding-ისგან შეძენა 2026 წლის 8 მაისს დაასრულა. კომპანიის განცხადებით, ახალი მექანიზმის მიზანია იტალიის საწვავის სადისტრიბუციო ქსელში საცალო ფასების შეზღუდვა და ამავდროულად იმ მიწოდების ჯაჭვის შენარჩუნება, რომელიც ათასობით ოპერატორს აერთიანებს. ფასების ზედა ზღვარი სხვადასხვა საჭიროების გათვალისწინებით განისაზღვრება.

კომპანიის განცხადებით, გადაწყვეტილება იტალიის მთავრობის მოწოდებას უკავშირდება, რომლის მიზანიც ოჯახებისა და ბიზნესებისთვის საწვავის მაღალი ფასების ზეწოლის შემცირებაა. SOCAR-ის შეფასებით, იტალიაში საწვავის ფასებზე გავლენას ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გლობალურ მიწოდების ჯაჭვებზე მოქმედი გეოპოლიტიკური არასტაბილურობა ახდენდა.

ფასების ზედა ზღვრის მექანიზმი ეტაპობრივად ამოქმედდება და თავდაპირველად IP-ის ბრენდირებულ ქსელს მოიცავს. SOCAR-ის ინფორმაციით, პარალელურად კომპანია შეისწავლის მექანიზმის Esso-ს ბრენდის სადგურებსა და იმ სხვა ოპერატორებზე გავრცელების შესაძლებლობას, რომლებიც საწვავს IP-ისგან იღებენ და მას საკუთარი ბრენდებით ქვეყნის მასშტაბით ავრცელებენ.

SOCAR-ის გადაწყვეტილება იტალიაში კომპანიის სხვა აქტივობასაც ემთხვევა. აზერბაიჯანული კომპანია იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან (FIGC) სტრატეგიულ პარტნიორობას აფორმებს და 2027 წლის 1 იანვრიდან 2030 წლის 31 დეკემბრამდე იტალიის მამაკაცთა და ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების გლობალური ენერგეტიკული პარტნიორი გახდება. შეთანხმება თანამშრომლობის დამატებით ორი წლით გაგრძელების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.

Italiana Petroli-ის შესახებ

Italiana Petroli საწვავისა და მობილობის სექტორში 1933 წლიდან საქმიანობს. კომპანიას დაახლოებით 1 600 თანამშრომელი ჰყავს და იტალიაში IP-ის ბრენდით 4 500-ზე მეტი საცალო ობიექტის ქსელს მართავს. მისი ნედლი ნავთობის გადამუშავების სიმძლავრე წლიურად დაახლოებით 10 მილიონი ტონაა და ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ნაწილდება. კომპანიას ასევე აქვს ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ლოგისტიკური ქსელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები