იტალიის საწვავის ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე Italiana Petroli SOCAR-ის ჯგუფში გაერთიანების შემდეგ საერთაშორისო გაფართოებისა და ახალი შესაძლებლობების ათვისების ეტაპზეა. კომპანიის ხედვით, იტალიაში არსებული ინტეგრირებული ინფრასტრუქტურა SOCAR-ისთვის მნიშვნელოვან პლატფორმას ქმნის, რომელიც კასპიის რეგიონს, ევროპულ ბაზარსა და ხმელთაშუა ზღვის აუზს ერთმანეთთან დააკავშირებს.
როგორც Italiana Petroli-ს საზოგადოებასთან და მთავრობასთან ურთიერთობების ხელმძღვანელმა მარკო მანოკომ BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა, კომპანიის შეძენა SOCAR-ის იტალიურ ბაზარზე ყოფნის მასშტაბს მნიშვნელოვნად ცვლის. მისი განმარტებით, Italiana Petroli-ს ინფრასტრუქტურა, გადამუშავების შესაძლებლობები, საცავები, საზღვაო ტერმინალები და დისტრიბუციის ქსელი კომპანიას არა მხოლოდ იტალიის ბაზრის მომსახურების, არამედ საერთაშორისო ჯგუფისთვის რეგიონული ჰაბის ფუნქციის შესრულების შესაძლებლობასაც აძლევს.
„უპირველეს ყოვლისა, SOCAR-ი იტალიური ბაზრისთვის უცხო არ არის. ის წლებია ოპერირებს, განსაკუთრებით გაზის მიმართულებით, ტრანსადრიატიკული მილსადენის მეშვეობით. რა თქმა უნდა, Italiana Petroli-ს შეძენით ქვეყანაში SOCAR-ის ყოფნის მასშტაბი სრულიად იცვლება, ჩვენი ინტეგრირებული სტრუქტურის დამსახურებით.
გვაქვს ორი დიდი გადამმუშავებელი ქარხანა, რომელთა ნედლი ნავთობის გადამუშავების საერთო სიმძლავრე 10 მილიონი ტონაა, და 5 მილიონი კუბური მეტრი საცავის მოცულობა. საწვავით ვამარაგებთ ქვეყნის მთავარ საერთაშორისო აეროპორტებს - როგორც მილანში, ისე რომში, და გვაქვს საზღვაო ტერმინალები მთელი ქვეყნის მასშტაბით. მთელი ქვეყნის მასშტაბით 4 500-ზე მეტი ბენზინგასამართი სადგურით, ჩვენ საწვავის ბაზრის უმსხვილეს მოთამაშეთა შორის ვართ.
ასე რომ, ახლა SOCAR-ი იტალიისთვის უზარმაზარი ინვესტორია, ხოლო თავის მხრივ, იტალია SOCAR-ისთვის ხდება ხიდი და დამაკავშირებელი კასპიის რეგიონს, ევროპულ ბაზარსა და ხმელთაშუა ზღვის აუზს შორის. ასე რომ, ეს ნამდვილად ცვლის აქ კომპანიის წარმომადგენლობის მასშტაბს“, - განაცხადა მარკო მანოკომ.
მანოკოს თქმით, ამ ეტაპზე Italiana Petroli უკვე არა მხოლოდ იტალიის საწვავის ბაზრის მომსახურებაზეა ორიენტირებული, არამედ SOCAR-ისთვის საერთაშორისო ოპერაციების განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საყრდენად ყალიბდება.
„ჩვენ ინფრასტრუქტურულ ჰაბს წარმოვადგენთ. ჩვენ უკვე არა მხოლოდ იტალიის ბაზარს ვამარაგებთ, არამედ მსოფლიოს ამ ნაწილში SOCAR-ისთვის რეალურ ჰაბად ვიქეცით“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება საქართველოსთან შესაძლო თანამშრომლობას, კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, SOCAR-ის ჯგუფში ინტეგრაციის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ახალი საერთაშორისო შესაძლებლობების სრულად შეფასებას გარკვეული დრო სჭირდება. მათ შორის, გადასახედია საინვესტიციო გეგმებიც, რომელთა შესახებაც კომპანიას ბაზრისთვის ჯერ ინფორმაცია არ გაუმჟღავნებია.
„მოგეხსენებათ, შესყიდვა სულ ახლახან, მაისში დასრულდა, ამიტომ ახლა უფრო ფართო საერთაშორისო ჯგუფში ინტეგრაციის სრულ პროცესში ვართ. საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც SOCAR-ი ყველაზე ფართოდაა წარმოდგენილი, თუმცა მთლიანობაში კომპანია 15-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და გლობალური საერთაშორისო ვაჭრობის სეგმენტი გააჩნია. ამიტომ ახლა ცოტა დრო გვჭირდება იმის შესასწავლად, თუ როგორ შეიძლება ინტეგრაცია მაქსიმალურად ეფექტური იყოს ყველა ჩართული მხარისთვის.
კვლავ ვამუშავებთ ჩვენს საინვესტიციო გეგმას, რომელიც ბაზრისთვის ჯერ არ გაგვიჟღერებია. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს საერთაშორისო განზომილება, რომელიც SOCAR-ს შემოაქვს, ნამდვილად გაზრდის შესაძლებლობას, განვავითაროთ ყველა პოტენციალი როგორც აქედან, ისე იმ სხვა ქვეყნების მიმართულებით, რომლებთანაც ვითანამშრომლებთ“, - განაცხადა მარკო მანოკომ.
მისი თქმით, Italiana Petroli ამჟამად ტრანსფორმაციის ეტაპზეა, თუმცა SOCAR-ის ჯგუფში გაერთიანება მისი ძირითადი საქმიანობის პრიორიტეტებს არ ცვლის. სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილად რჩება იტალიელი მომხმარებლებისთვის მომსახურების უწყვეტობა, ადგილობრივ საზოგადოებებთან ურთიერთობა და მდგრადი განვითარების მიმართულება.
„Italiana Petroli ამჟამად ტრანსფორმაციის ეტაპზეა. ჩვენი მტკიცე პასუხისმგებლობა და ერთგულება მომხმარებლების წინაშე ჩვენთვის კვლავ საკვანძო რჩება. ასე რომ, ჩვენ დავრჩებით კომპანიად, რომელიც ახლოსაა საკუთარ მომხმარებლებთან იტალიაში, ახლოსაა ადგილობრივ საზოგადოებასთან, სადაც ვოპერირებთ განსაკუთრებით იქ, სადაც ჩვენი გადამმუშავებელი ქარხნები გვაქვს და რომელიც უდიდეს ყურადღებას უთმობს მდგრად განვითარებას.
როგორც ვამბობთ, ჩვენ მომავალს მოძრაობაში მოვიყვანთ, რადგან ვმუშაობთ ახალ საწვავებსა და მომავლის მობილობაზე. ეს ჩვენი ძირითადი საქმიანობის ნაწილია და დარჩება იმ სტრატეგიის ნაწილად, რომელსაც ახლა SOCAR-ის დიდ ოჯახთან ერთად ვავითარებთ“, - განმარტა მანოკომ.
შეგახსენებთ, SOCAR-მა Italiana Petroli-ს 99.82%-იანი წილის შესყიდვა 2026 წლის 8 მაისს დაასრულა. 90 წელზე მეტი ისტორიის მქონე იტალიური კომპანია ორი გადამმუშავებელი ქარხნის, საცავი ინფრასტრუქტურისა და ქვეყნის მასშტაბით განვითარებული საცალო ქსელის მფლობელია. გარიგების შედეგად SOCAR-მა ევროპულ ენერგეტიკულ ბაზარზე პოზიციები გააძლიერა.
























