მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლების მინისტრის მტკიცებით, უწყება სკოლებში უფასო კვების პროგრამაზე მსჯელობას აგრძელებს

კვება

განათლების მინისტრის მტკიცებით, უწყება სკოლებში უფასო კვების პროგრამაზე მსჯელობას აგრძელებს. როგორც ალექსანდრე წულაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, სხვა უწყებებთან ერთად, განიხილება სხვადასხვა მოდელი ამ პრობლემის გადასაწყვეტად.

“კვების პრობლემა მნიშვნელოვანი საკითხია. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ერთი მხრივ, მალფუჭებად პროდუქტთან და მეორე მხრივ, არასრულწლოვნებთან და მცირეწლოვნებთან გვაქვს შეხება, ეს ძალიან სენსიტიური საკითხია. ჩვენ, არამხოლოდ განათლების სამინისტრო, არამედ სხვა უწყებებთან ერთად, ვმსჯელობდით და ვმსჯელობთ და განვიხილავთ სხვადასხვა მოდელს ამ პრობლემის გადასაწყვეტად. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ინფრასტრუქტურის, მათ შორის სასადილოების და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ნიუანსების მოწესრიგება სკოლებში, ამ პრობლემის ერთ-ერთი გასაღები იქნება.

2025 წლის ბოლომდე დაგეგმილია დაახლოებით 50-მდე სკოლის რეაბილიტაცია/მშენებლობის დასრულება. მათგან 20 იქნება სრული რეაბილიტაცია, ხოლო დანარჩენი მშენებლობები. ასევე 2026-2027 წლებში, ჩვენი სურვილია, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 100-დან 125-მდე სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაცია მოხდეს”, - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

საქმე ისაა, რომ ჯერ კიდევ 2021 წელს მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო სადილის პროგრამაზე მმართველი პარტია ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. ამავეს ადასტურებდა განათლების მაშინდელი მინისტრი, მიხეილ ჩხენკელიც. სკოლებში უფასო კვების დანერგვის დაპირება წინასაარჩევნოდ არაერთხელ გააჟღერა განათლების წინა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმაც, მათ შორის 2023 წლის ბოლოსაც. გამოდის, რომ ხელისუფლება შესაბამის პროგრამაზე დაახლოებით 6 წელია მუშაობს, სამოქმედო გეგმა კი ჯერ კიდევ არ არსებობს.

ამასთან, გასული წლის თებერვალში, საგაზაფხულო პლენარულ სხდომაზე, ირაკლი კობახიძემ, მაშინ როგორც საქართველოს პრემიერობის კანდიდატმა, განაცხადა, რომ სკოლებში უფასო კვების დანერგვის საკითხზე მუშაობაში პირადად იქნებოდა ჩართული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები