მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განათლების მინისტრის თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტები რეფორმის კონცეფციას მხარს უჭერენ

მიქანაძე

განათლების მინისტრის გივი მიქანაძის თქმით, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან შეხვედრაზე მთავრობამ მიიღო "ძალიან სერიოზული მხარდაჭერა განათლების რეფორმის კონცეფციით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით".

ამის შესახებ განათლების უწყება იტყობინება.

როგორც სამინისტროს პრესრელიზშია ნათქვამი, გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ განათლების რეფორმის განხორციელების პირველი ნაბიჯები მალე დაიწყება.

„ჩვენ მოვისმინეთ თითოეული უნივერსიტეტის რექტორის პოზიცია. კონცეფციაში წარმოდგენილ პრობლემებზე საუბრისას აღინიშნა, რომ რეალურია ის პრობლემები, რომლის წინაშეც დღეს უმაღლესი სასწავლებლები დგანან. ჩვენ მივიღეთ ძალიან სერიოზული მხარდაჭერა იმ კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებიც კონცეფციით არის განსაზღვრული. ამასთანავე ვთქვით, რომ ეს განხილვები გაგრძელდება. ვფიქრობთ, ამ განხილვების შედეგად, უკვე საბოლოო პოზიციების შეჯერება იქნება შესაძლებელი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ ჯერ კომისიამ მოახდინოს მისი საბოლოო მხარდაჭერა, ხოლო შემდგომ ამის საფუძველზე მოხდეს მთავრობის მიერ კონცეფციის დამტკიცება და დაიწყოს უშუალოდ მასში გათვალისწინებული აქტივობების განხორციელება. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ მთავრობის მეთაური და მთლიანად ხელისუფლება დიდ პრიორიტეტს ანიჭებს განათლების სისტემის ხარისხის ამაღლებას. ის მნიშვნელოვანი და მართლაც ფუნდამენტური პროცესი, რაც პრემიერის ინიციატივით წამოიწყო, რეალურად არის განხილვის პროცესში და მისი განხორციელების პირველი ნაბიჯები მალევე დაიწყება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან შეხვედრას პრემიერი ირაკლი კობახიძე, ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და განათლების რეფორმის საკითხზე მომუშავე უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის მდივანი ლევან იზორია ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, 16 ოქტომბერს "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა. მისი თქმით, იგეგმება, რომ ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე, თბილისთან ერთად უნდა შეიქმნას მეორე ძირითადი საუნივერსიტეტო კერა და ეს არის ქუთაისი. ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სკოლებში 11- წლიან სასწავლო პროგრამა იქნება, ბაკალავრიატი 3-წლიანი, მაგისტრატურა 1-წლიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები