ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საზოგადოებაში ერთხელ და სამუდამოდ მოვშალოთ მენტალობა, რომ აუცილებელია უმაღლესი განათლების მიღება, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რას ვახვედრებთ საპირწონედ, – ამის შესახებ "ოცნების" განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ამ კუთხით ძალიან კარგი დინამიკაა პროფესიული სწავლების მიმართებით.
"ამ რეფორმის პარალელურად, მიმდინარე პროცესი გვაქვს, რომ ვაძლიერებთ პროფესიულ სექტორს, პროფესიული სასწავლებლების მიმართულებას, როგორც სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლებს, სულ 29 გვაქვს, ასევე კერძოებს. პლუს ამას, ჩვენი მიზანია, რეგიონებში გავზარდოთ პროფესიული სასწავლებლების რაოდენობა და არა მარტო რაოდენობა, არამედ პროფესიების მიმართულებები, რომ რაღაც ერთი კონკრეტული მიმართულება არ იყოს, ესეც ბაზრის კვლევების საჭიროებიდან გამომდინარე. ახალგაზრდებში რომ შემოვიტანოთ მეტი ინტერესი ამ პროფესიების მიმართ, ამ კუთხით სამინისტრო უკვე ახორციელებს ორ პროექტს. ერთი პროექტი შარშან დავიწყეთ 20 საპილოტე სკოლაში და წელს კიდევ 66 დაემატა, როდესაც ჩვენ შევიტანეთ ინტეგრირებული სასწავლო პროგრამა.
რას ნიშნავს ეს? დამამთავრებელ ორ კლასში მოსწავლეს შეუძლია, ძირითადი საგნების პარალელურად, აირჩიოს პროფესიული სწავლების პროგრამა და საქართველოს მასშტაბით უკვე 86 სკოლაში ეს გვაქვს ინტეგრირებული. შესაბამისად, 2026 წლის მაისში ჩვენ გვეყოლება ამ პროგრამის პირველი კურსდამთავრებულები ამ პილოტური სქემიდან, რომლებიც ორწლიანი სწავლების შედეგად მიიღებენ, როგორც სკოლის დამამთავრებელ ატესტატს, ასევე კონკრეტული პროფესიის დამადასტურებელ სერტიფიკატს. მათ შეუძლიათ, თავიანთი კომპანია დაარეგისტრირონ, ამ ინდმეწარმედ დარეგისტრირდნენ და დაიწყონ კონკრეტული საქმიანობა, რათა შემოსავალი მიიღონ. მათ შეეძლებათ, შემდეგ ეტაპზე გააგრძელონ განათლება, როგორც პროფესიული, ისე უმაღლესის მიმართულებით, მაგრამ ჩვენ მათ ვაინტერესებთ და ვაძლევთ საშუალებას. მინდა გითხრათ, რომ ამაზე მოთხოვნა მზარდია, როგორც მოსწავლეების მხრიდან, რომ ჩაეწერონ, ასევე სკოლების მხრიდან, რომ ჰქონდეთ ეს პროგრამები და იქ, სადაც აქვთ, ითხოვენ, დივერსიფიცირება მოვახდინოთ და უფრო მეტი პროფილის სასწავლო პროცესები შევიტანოთ. ანუ, ამას უკვე აქვს პოზიტიური გამოხმაურება.
მეორე პროექტი, რომელიც წელს დავიწყეთ, არის სტემკლუბები. ეს არის მიმართულებები, რომელიც დაკავშირებულია ფიზიკის, მათემატიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ამ მიმართულებების ცოდნის გაძლიერებასთან”, – განაცხადა მიქანაძემ.
შეგახსენებთ, 16 ოქტომბერს "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა. მისი თქმით, იგეგმება, რომ ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე, თბილისთან ერთად უნდა შეიქმნას მეორე ძირითადი საუნივერსიტეტო კერა და ეს არის ქუთაისი. ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სკოლებში 11- წლიან სასწავლო პროგრამა იქნება, ბაკალავრიატი 3-წლიანი, მაგისტრატურა 1-წლიანი.




























