"განათლების პოლიტიკის ცენტრის" დირექტორი, გიორგი ჭანტურია "ქართული ოცნების" ინიციატივას, მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოში საუნივერსიტეტო განათლების რეფორმა განხორციელდეს, "განათლების მოთვინიერების მცდელობად" აფასებს.
ირაკლი კობახიძემ საუნივერსიტეტო განათლების რეფორმა 20 იანვარს, მთავრობის სხდომაზე დააანონსა. მისი განცხადებით, პროექტის განხორციელებისათვის სამთავრობო კომისია იქმნება, რომელიც კონკრეტულად ამ რეფორმაზე იმუშავებს და 4 წლის თავზე სისტემას სრულად გარდაქმნის.
რეფორმას სათავეში განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე და ლევან იზორია ჩაუდგებიან. თავად ლევან იზორია კი სხვადასხვა დროს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, თავდაცვის სამინისტროსა და დაზვერვის სამსახურის მაღალჩინოსანი იყო. 2020 წლიდან იზორია საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას იკავებდა გერმანიაში, გუშინ კი იგი განათლების საკითხებში ირაკლი კობახიძის მრჩევლად დაინიშნა.
როგორც გიორგი ჭანტურიამ BMG-სთან განაცხადა, "ოცნების" მთავრობა დიდი ხანია, საუნივერსიტეტო განათლების დამორჩილებას ცდილობს, რის მისაღწევადაც ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ახლა იწყებს.
"რეალურად [კობახიძის გუშინდელი] განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ ქმედებებს, ეს არის განათლების, და ამ შემთხვევაში საუნივერსიტეტო განათლების დაქვემდებარების და მოთვინიერების მცდელობა, რა პოლიტიკაც დიდი ხანია, დაწყებული აქვთ და უკვე უნდათ, რომ მოქმედებაში მოიყვანონ. თუმცა, მათთვის სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ გამოუვათ და პირიქით, ეს გააერთიანებს იმ ჯგუფებს, ვინც წინააღმდეგობაში არიან.
["ქართული ოცნება რომ განათლების დამორჩილებას ცდილობს] ამის მომასწავებელია უნივერსიტეტების დაქვემდებარებაც. ეს ღიადაც განაცხადეს რამდენიმე თვის წინ, როდესაც კობახიძემ პირდაპირ თქვა, რომ ორი წამყვანი უნივერსიტეტი უნდა იყოს საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქუთაისის უნივერსიტეტი", - განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.
"განათლების პოლიტიკის ცენტრის" დირექტორის აზრით, "ოცნების" ეს ინიციატივა სინამდვილეში პროტესტის ჩახშობას ემსახურება. ჭანტურიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პროტესტი დამარცხდა, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა დასავლურ დაფინანსებასა და ურთიერთობებს დაკარგავს.
"ეს არის დიდი პროტესტის ნაწილი, დიდი პოლიტიკის ნაწილი და პირდაპირ მიემართება იმას, რაც ქვეყანაში ხდება. მათ სურთ, რომ პროტესტები ჩაახშონ, სტუდენტების აქტიურობა ჩაახშონ, მაგრამ მიიღებენ პირიქით გაძლიერებულ პროტესტს და უფრო გაძლიერებულ საუნივერსიტეტო საზოგადოებას.
თუ პროტესტი დამარცხდება, რისიც მე ნამდვილად არ მჯერა, რისკი ისაა, რომ აბსოლუტურად დაექვემდებარონ უნივერსიტეტები, დანიშნონ პარტიული ლოიალობის ნიშნით მათი პოზიციის გამხმოვანებელი რექტორები და პარტიული ნიშნით მოსთხოვონ მათ შესაბამისი ქმედებები. შეწყდება ყველანაირი თანამშრომლობა საერთაშორისო საზოგადოებასთან, დაფინანსების წყაროები გაქრება, ისევე როგორც გაცვლითი პროგრამები", - განაცხადა ჭანტურიამ.
მისივე თქმით, ის, რაც საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებს ნამდვილად სჭირდებათ, დამოუკიდებლობა და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაა.
"რეალურად, რაც საუნივერსიტეტო განათლებას სჭირდება, ეს არის ავტონომია, მეტი ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში, მეტი ფინანსური რესურსით მხარდაჭერა და დამოუკიდებლობა - ეს არის ის, რაც უნივერსიტეტებს სჭირდებათ და არა ის, რომ პარტიული მორჩილებით გამოირჩეოდნენ და ლოიალობის ნიშნით იღებდნენ გადაწყვეტილებებს", - ამბობს გიორგი ჭანტურია.