მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ღიაობა და თანამშრომლობა" - რა სურს სექტორს განათლების შემდეგი მინისტრისგან?

განათლება

განათლების უკვე ყოფილი მინისტრის, გიორგი ამილახვრის საქმიანობას BM.GE-სთან "განათლების პოლიტიკის ცენტრის" დირექტორი, გიორგი ჭანტურია აფასებს. იგი აღნიშნავს, რომ დიდი ხანია, განათლების სექტორი პარტიული პოლიტიკით იმართება და ამ მხრივ, არც გიორგი ამილახვარი ყოფილა გამონაკლისი.

"ქართული ოცნების ყველაზე მძიმე დროს იყო გიორგი ამილახვარი მინისტრი, რაც პრინციპში, პირდაპირ ეხმიანება "ქართული ოცნების" პოლიტიკას. წლებია უკვე, არა მხოლოდ გიორგი ამილახვრის მინისტრობის დროს, არამედ მანამდეც, სისტემა არა განათლების პოლიტიკით, არამედ უფრო პარტიული პოლიტიკით იმართება. გვახსოვს ამილახვრის დროს დირექტორის არჩევნები, რომლებიც აბსოლუტურად არაგამჭვირვალედ და დიდი პროტესტის ფონზე ჩატარდა და, ძირითადად, პარტიული კუთვნილებით დაინიშნნენ დირექტორები.

გიორგი ამილახვრის დროს არა თუ გაფუჭდა, არამედ საერთოდ არანაირი ურთიერთობა აღარ იყო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, პირიქით, ისინი მარგინალიზებული გახდნენ. მისი (წასვლის) განცხადებიდან კარგად ჩანს, გარდა იმისა, რომ პარტიული იყო, მისი წარმოდგენა განათლებაზე არის ბიზნესზე კონცენტრირებული. საკადრო პოლიტიკაც ძალიან ცუდი ჰქონდა, გადაწყვეტილების მიმღები არაერთი კვალიფიციური და კომპეტენტური ადამიანი წავიდა ამ დროში, ზოგიერთი გაუშვეს და ა.შ." - ამბობს გიორგი ჭანტურია.

კითხვაზე, რაზე მიანიშნებს საპარლამენტო არჩევნებამდე 1 თვით ადრე განათლების მინისტრის გადადგომა, ჭანტურია აღნიშნავს, რომ წლებია გაურკვეველია, რა ნიშნით ინიშნებიან ან იხსნებიან განათლების მინისტრები.

"წლებია უკვე ჩანს, რომ ქვეყანაში განათლების პოლიტიკა უბრალოდ არ გვაქვს. გიორგი ამილახვარი როდესაც დაინიშნა, თუნდაც განათლების კომიტეტის თავმჯდომარედ, აბსოლუტურად გაუგებარი იყო, რა ნიშნით, რატომ, როგორ, რისთვის... ანალოგიურად, მიხეილ ჩხენკელივით, რომელიც ორჯერ იყო განათლების მინისტრი და გაუგებარი იყო - რატომ. გადაწყვეტილებების მიმღებები არ ხსნიან, რატომ ინიშნებიან, ან რატომ მიდიან თანამდებობებიდან,

თვითონ ამილახვარი სულ რაღაც ივნისში საუბრობდა, რომ სამინისტრო სასკოლო კვების გეგმას 2 თვეში წარმოადგენდა, თუ როგორი იქნებოდა სასკოლო კვების მოდელები, როგორ დაინერგება ეს ქვეყანაში. ცხადია, 2 თვეც გავიდა და მეტიც, ის კი აცხადებს რომ გადადგა - ეს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა, როგორც მინიმუმ", - აღნიშნავს "განათლების პოლიტიკის ცენტრის" ხელმძღვანელი.

რაც შეეხება განათლების მომდევნო მინისტრს, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია, განათლების ექსპერტი აღნიშნავს, რომ სექტორი მისგან სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობას ელის.

"დიდი ცოდნით და გამოცდილებით არც მთავრობა გამოირჩევა და არც ოპოზიციური სექტორი, თუმცა არასწორი წარმოდგენა არსებობს, რომ რაღაც ორი-სამი კონკრეტული ინტერვენცია შეიძლება განხორციელდეს და ამით სექტორში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვექნება. ყველაზე მთავარია, შეიცვალოს პრინციპები, რომლებითაც ხელმძღვანელობს ქვეყანა და განათლების სამინისტრო. თუ ეს ის ჩაკეტილი ინსტიტუცია იქნება, სადაც ვიწრო ჯგუფი მიიღებს გადაწყვეტილებებს, არ ითანამშრომლებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, შეიძლება რამდენიმე ინტერვენცია განხორციელდეს, მაგრამ იგივე შედეგამდე მივალთ - ღიაობა და თანამშრომლობა, დემოკრატიულობის პრინციპი არის ყველაზე მნიშვნელოვანი", - აცხადებს გიორგი ჭანტურია.

28 სექტემბერს ჩატარებული ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრის პოსტი დატოვა. მისი თქმით, ყოფილი მინისტრი კერძო სექტორში ბრუნდება. ამილახვარი განათლების მინისტრის პოზიციას 2023 წლის 20 მარტიდან იკავებდა.

გიორგი ამილახვარი თანამდებობიდან გადადგა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები