მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მინისტრობის პერიოდშიც ყველაზე მავნე პოლიტიკას ატარებდა" - განათლების ექსპერტი გიორგი ამილახვარზე

განათლება

ერთ-ერთი ყველაზე მავნებელი განათლების მინისტრი - ასე აფასებს განათლების ექსპერტი და "განათლების კოალიციის" ხელმძღვანელი გიორგი ჭანტურია განათლების პოსტიდან ახლადგადამდგრადი გიორგი ამილახვრის მოღვაწეობას, რის შესახებაც Facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

გიორგი ჭანტურიას განათლების [ყოფილი] მინისტრის არც თანამდებობაზე მოსვლამდე გაკეთებული განცხადებები მოსწონს და არც ის ნაბიჯები, რომლითაც დღეს მინისტრმა თავი მოიწონა.

"ერთ-ერთი ყველაზე მავნებელი განათლების მინისტრი, რომელმაც საზოგადოებას იქამდე თავი დაამახსოვრა ვაკის პარკის ამბავზე გაკეთებული კომენტარით, შემდეგ რუსული კანონის მხარდაჭერით. რა გასაკვირია და მინისტრობის პერიოდშიც ყველაზე მავნე პოლიტიკას ატარებდა, რაც გამოიხატა, როგორც საკადრო პოლიტიკით, ისე დირექტორების არჩევნების ფაბრიკაციით, სისტემის დატერორებით და თავისუფალი სივრცეებისა თუ სიტყვის გაქრობით, მათ შორის უნივერსიტეტებთან მიმართებით. ადამიანმა მოახერხა და "ხელფასის ზრდით" პროტესტი გამოიწვია მასწავლებლებში.

გიორგი ამილახვარმა კარგად შეაჯამა თავისი საქმიანობა, სადაც იყო და როგორც მართავდა სისტემას - განათლების ბიზნესი! იმედი მაქვს, როგორც შაშკინის სახელი დარჩა ისტორიას, ასევე დარჩება ამ კაცის სახელიც და საკადრის პასუხს გავცემთ, როგორც საზოგადოება. ერთ-ერთ შეხვედრაზე, ჩემმა მეგობარმა და კოლეგამ უთხრა, ბევრი გვინახავს თქვენნაირებს რომ ჩაუვლიათ ამ სისტემაში და ჩვენ ისევ აქ ვართო. მის "მენეჯმენტს" და იმ ხალხს, ვინც ამ ადამიანთან მუშაობდა, აი, რეფორმას რომ ხელმძღვანელობდნენ, გრცხვენოდეთ!" - წერს გიორგი ჭანტურია.

დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ განათლების მინისტრი, გიორგი ამილახვარი თანამდებობიდან გადადგა. იგი აღნიშნულ პოზიციას 2023 წლის 20 მარტიდან იკავებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები