ქვეყანაში განათლების პოლიტიკა იქნება კვლევებზე და გამოცდილებაზე დაფუძნებული - ამის შესახებ “მინისტრის საათის” ფარგლებში, განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ისაუბრა.
"ქვეყანაში განათლების პოლიტიკის დაგეგმვა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავიწყოთ არა მინისტრის მსოფლმხედველობით, ან მისი გუნდის, არამედ იმ გამოცდილებასა და კვლევებზე დაყრდნობით, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წარმატებულ ქვეყანაშია აპრობირებული", - ამბობს გიორგი ამილახვარი.
ამასთან, განათლების მინისტრი აღნიშნავს, რომ სსიპი 3 დიდ კვლევაზე მუშაობს, რომელიც ზოგად განათლებას უკავშირდება და სწორედ კვლევის პრეზენტაციაში არსებულ მიგნებებს ეფუძნება სამინისტროს ახალი რეფორმები და ხედვა.
"ჩვენ ეტაპობრივად ვიწყებთ განათლების პოლიტიკის დაგეგმვას კვლევების საფუძველზე, ამ კუთხით სისტემაში შექმნილია სსიპი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს და 3 დიდი კვლევა, რომელიც ზოგად განათლებას უკავშირდება, უკვე ფინალურ ფაზაზეა და რამდენიმე მათგანის პრეზენტაცია საჯაროდ იქნება წარმოდგენილი უახლოეს მომავალში. სწორედ იმ მიგნებებს ეფუძნება ჩვენი ახალი რეფორმები და ხედვა, რომელიც ამ პრეზენტაციაშია წარმოდგენილი. მნიშვნელვოანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ განათლების პოლიტიკა კვლევებზე და გამოცდილებაზე იქნება დაფუძნებული", - დასძინა განათლების მინისტრმა.