განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა "მინისტრის საათის" ფორმატში სასკოლო კვებაზე და ამ კუთხით სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.
"პირველი, რაც გავაკეთეთ, არის ის, რომ სამინისტროში შევქმენით სპეციალური პროგრამა თავისი კონკრეტული ბიუჯეტით და ადამიანური რესურსით, რომელმაც სკოლებში ადგილობრივი საჭიროებების დეტალური კვლევა დაიწყო, ამასთან, სამინისტრო წევრიანდება სასკოლო კვების საერთაშორისო კოალიციაში, რომელიც ევროკავშირის ეგიდით არის შექმნილი და ყველა ევროკავშირის წევრი ქვეყანაა გაწევრიანებული. ამ კუთხით ჩვენ მივიღებთ საერთაშორისო პრაქტიკას და გამოცდილებას, თუ როგორ შევეჭიდოთ იმ გამოწვევებს, რომელიც სისტემაში გვაქვს", - დასძინა ამილახვარმა.
ამასთან, განათლების მინისტრის თქმით, არსებული ბუფეტების მოგვარება უკვე დაწყებულია და სამინისტრომ დაამტკიცა ახალი ბრძანება, რომლის მიხედვითაც სკოლის არსებულ ბუფეტებში გაკონტროლდება ჰიგიენა და აიკრძალება აღნიშნული პროდუქტები.
"როდესაც სასკოლო კვებაზე ვსაუბრობთ, აქ არ არის პრობლემა ფინანსებში, აქ არის საკვების ხელმისაწვდომობაში პრობლემა, რომელიც ეტაპობრივადაა მოსაგვარებელი. ვინაიდან არის სკოლები, სადაც არ არის ბუფეტი და არც სკოლის გარეთაა არანაირი საკვები ობიექტი, ასევე, ძალიან ბევრი სკოლაა, სადაც არის ბუფეტები, მაგრამ, სამწუხაროდ, იქაც გარკვეული ხარვეზებია ადმინისტრირების, სურსათის უვნებლობის, ჰიგიენის და სხვა მხრივ. ამიტომ, სულ რაღაც ერთი კვირის წინ დავამტკიცეთ ახალი ბრძანება, რომლის ფარგლებშიც დაცული იქნება ჰიგიენა, აკრძალული იქნება აღნიშნული პროდუქტები, დაიშვება ჯანსაღი პროდუქტები და გარდა სამინისტროს მხრიდან მონიტორინგისა, შემოვიტანეთ ახალი კომპონენტი: სასკოლო მონიტორინგი კვების კუთხით, განხორციელდება მასწავლებლებისა და მშობლების მხრიდანაც, შესაბამისად, იქ, სადაც უკვე ბუფეტებია, სრულად მოწესრიგდება ნებისმიერი ჰიგიენური სურსათის უვნებლობის თუ ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის გათვალისწინებული სხვა საკითხები", - განმარტა მან.
ცნობისთვის: უწყება სასკოლო კვების პროგრამის დანერგვაზე 2020 წლიდან მუშაობს.