ხვალ, 26 ნოემბერს პარლამენტში ინტერპელაციის რეჟიმში დაგეგმილ სხდომაზე დეპუტატები "ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ორი თემაზე მოუსმენენ: განათლების სისტემაში დაანონსებულ რეფორმასა და Eagle Hills-თან დაკავშირებული ურბანული განვითარების პროექტებზე.
საუბარია მთავრობის მიერ დაგეგმილ საუნივერსიტეტო განათლების რეფორმაზე, რომელიც მოიცავს ფაკულტეტების ოპტიმიზაციას პრინციპით „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“. დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, უნივერსიტეტების დაფინანსების სისტემა მთავრობის დაკვეთაზე გადაერთვება, რაც მაღალი განათლების სექტორზე სახელმწიფოს გავლენის გაძლიერებას გულისხმობს.
bm.ge გთავაზობთ კითხვებს, რომელიც კობახიძეს "ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გაუგზავნა:
- რა არის თქვენს მიერ წარდგენილი უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის ძირითადი მიმართულებები?
- რა არის რეფორმის ეტაპები და ვადები?
- სავარაუდოდ რა ბიუჯეტია საჭირო რეფორმის განსახორციელებლად?
- ეწინააღმდეგება თუ არა უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით გათვალისწინებული მიზნები ე.წ. „ბოლონიის პროცესს“?
- რეფორმის კონცეფციით გათვალისწინებულია უმაღლესი განათლების 4+2 სისტემის შეცვლა 3+1 სისტემით. რა არის ამ ცვლილების ძირითადი მიზეზი და მიზანი? რამდენად იქნება უზრუნველყოფილი 3+1 სისტემით ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიღება?
- რეფორმის კონცეფციის საჯარო პრეზენტაციისას ასევე ისაუბრეთ ზოგადი განათლების ხანგრძლივობის 12 კლასიდან 11 კლასამდე შემცირებაზე. რა არის ამ შესაძლო ცვლილების მიზეზი და მიზანი? იქონიებს თუ არა ეს ცვლილება გავლენას ზოგადი განათლების ხარისხზე? რას პასუხობთ გამოთქმულ კრიტიკას, რომ ამ შემთხვევაში ქართული სკოლის ატესტატი შესაძლოა საკმარისი არ იყო ზოგ ქვეყანაში უმაღლესი განათლების დაწესებულებაში სწავლის დასაწყებად?
ინტერპელაციაზე ირაკლი კობახიძეს ასევე დაუსვამენ კითხვებს Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებით.




























