თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, ირაკლი ნატროშვილი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი განათლების რეფორმის პრეზენტაცია სახელმწიფოს მხრიდან უმაღლესი განათლებისთვის მეტი ყურადღების დათმობაზე მიუთითებს.
როგორც მან BMG-ს განუცხადა, გეგმაში, რომელიც 16 ოქტომბერს "ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ და განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ წარადგინეს, საგანგაშო არაფერია.
"მე დავინახე ის, რომ სახელმწიფო უფრო მეტ ყურადღებას უთმობს უმაღლეს განათლებას და, რა თქმა უნდა, მეტ ვალდებულებას იღებს უმაღლესი განათლების სათანადოდ ფინანსურ უზრუნველყოფაზე. ეს ეხება როგორც ინფრასტრუქტურას, ასევე სწავლის დაფინანსებას. ამიტომ აქ მე ჯერჯერობით ცუდი ვერაფერი ვერ დავინახე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს, ასეც გაგრძელდება.
ეს იყო ზოგადი გეგმა და არ იყო კონკრეტიკა. ამიტომ, შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ როცა ამ გეგმის დეტალებზე მუშაობა დაიწყება და კონკრეტულ ნაბიჯებზე მიდგება საქმე, აუცილებლად შედგება კონსულტაციები უნივერსიტეტის ხელმძღვანელებთან და იმის მიხედვით, მიიღებს მთავრობა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და კონკრეტული ნაბიჯებიც ამის მიხედვით გადაიდგმება. ეს იყო ზოგადი გეგმა, რომელშიც მე ახლა საგანგაშოს ვერაფერს ვერ ვხედავ, პირიქით, ძალიან კარგია, საჭიროა და დროულია ძალიან", - ამბობს თსსუ-ს რექტორი.
ცნობისთვის, დაანონსებული რეფორმის პრეზენტაციისას ირაკლი კობახიძემ ისიც განაცხადა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უცხოელი სტუდენტები მხოლოდ კანონით განსაზღვრულ, "მკაცრად გამონაკლის" შემთხვევებში უნდა მიიღონ. საქმე ისაა, რომ არსებული სტატისტიკის თანახმად, 2024-2025 სასწავლო წლებში საქართველოში სულ 37.1 ათასი უცხოელი სტუდენტი ირიცხებოდა, რომელთა უდიდესი ნაწილი - 91% სამედიცინო მიმართულებით სწავლობს.
კითხვაზე, როგორ აისახება დაანონსებული ცვლილებები თსსუ-ზე, ირაკლი ნატროშვილი აცხადებს, რომ უკეთესი იქნება, თუ რესურსები სწორად გადანაწილდება და ქართველ სტუდენტებს დაეთმობათ.
"ბაზრის შესწავლა, რა თქმა უნდა, აუცილებლად გვჭირდება, იმიტომ რომ ზუსტად იმ სპეციალობის და იმ რაოდენობის სამედიცინო პერსონალი უნდა გამოუშვას სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, რამდენიც ქვეყანას სჭირდება, რათა სწორად მოხდეს დასაქმებაც და სწორად მოხდეს გადანაწილება ამ რესურსების.
რაც შეეხება უცხოელ სტუდენტებს, ბატონ პრემიერს არ უთქვამს, რომ საერთოდ არ იქნება უცხოელი სტუდენტები. მან თქვა, რომ იქნებიან უცხოელი სტუდენტები, მხოლოდ იმ სპეციალური გადაწყვეტილების ფარგლებში. ანუ რაღაცა რაოდენობა შესაძლოა იყოს. თუ რეალურად და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც მოხდება,, გაიზრდება დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან სამედიცინო უნივერსიტეტის, ჩვენ უფრო მეტ რესურსს დავუთმობთ ქართველ სტუდენტებს და მთლიანად გადავერთვებით ქართველი სტუდენტების მაღალი ხარისხით მომზადებაზე. ამიტომ, შესაბამისად, მე აქ პრობლემას ვერ ვხედავ. თუ, რა თქმა უნდა, და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, რომ მოხდება ამ დაფინანსების სქემის შეცვლა, რაც ბატონმა პრემიერმა თქვა ზუსტად", - განაცხადა ირაკლი ნატროშვილმა.
საქსტატის თანახმად, თუკი 6 წლის წინ, 2019-2020 სასწავლო წელს 13 ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობდა, 2024-2025 წლის სეზონზე კი უკვე 37.1 ათასი. ამ სტუდენტების უდიდესი ნაწილი - 91% სამედიცინო მიმართულებით სწავლობს. ამიტომაც უცხოელი სტუდენტების რაოდენობის მატებამ სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან ყველაზე მეტად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შემოსავლების ზრდა განაპირობა. თუკი 2019 წელს ის 145 მილიონ ლარს შეადგენდა, 2025 წელს უნივერსიტეტის ბიუჯეტი უკვე 186 მილიონ ლარს შეადგენს.




























